შალვა პაპუაშვილი - უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით, ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად

ავტორი
Front News საქართველო
"ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ამ დღეებში ყველამ ცხადად ვიხილეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა და ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული, როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა-კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა - მისი ლოცვა-კურთხევით მონათლული.
"ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი.
უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობის და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა.
და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.
"უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე - სიყვარულზე.
ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა - შინაურიც და უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, ღვთისმსახურება აღასრულა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




