Logo

შიო მესამე - ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება

Frontnews image description

1 700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიწმინდის მადლი და რწმენა.

"1 700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, მოღვაწე და წმინდანი, ამ მოვლენამ აგვაშენებინა საოცარი ტაძრები, მონასტრები, შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა, რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა. 

სულიწმინდის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მჭიდროდ უკავშირდება გუშინდელ დღესასწაულს, სულთმოფენობას, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. სულიწმინდა, ღმერთი, რწმენა უდიდეს სიხარულს ფენს ჩვენს მორწმუნეთა გულებს, რადგან სულიწმინდის რწმენასთან დაკავშირებულია ყველაზე მთავარი ქრისტიანული სასოება და მოლოდინები. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სულიწმინდის მოვლინების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი. ამას ნიშნავს მისი სიტყვები, უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან მე თუ არ წავალ, ნუგეშინის მცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას. აი, სულთმოფენობის შემდეგ აღსრულდა მისი ნათქვამი და ამიერიდან  საფუძველი დაედო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმინდა. გილოცავთ ამ დღესასწაულს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, რომ უფალს სათნო ვეყოთ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით. მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა, რომელზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია, უნდა ვეძიოთ პირველად სასუფეველი ღვთისა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის სულიწმინდის რწმენას. შემთხვევითი არ არის, რომ წელს, საიუბილეო წელს სულიწმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენს მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო განტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმინდის ძალით, მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს „დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს“ და ეს ჭეშმარიტად ასეა. ისევე როგორც ანდრია პირველწოდებულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. მიანდო ამ ნორჩ ქალწულს ეს უდიდესი მისია, რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული დედობრივი ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე ", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ფოკაში იმყოფება, სადაც პირველი პარაკლისი აღავლინა.

თაგები:

შიო მესამე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები