Logo

სიბიგა - პუტინმა წარუმატებელი ომიდან თავის დაღწევის შანსი ხელიდან გაუშვა

უკრაინა
184
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან გაუშვა წარუმატებელი ომიდან გამოსვლის შესაძლებლობა, როდესაც უარყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება.

სიბიგას თქმით, პუტინის უარი რუსებისთვის ცუდი ამბავია, რადგან რუსეთისთვის სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

"ბრძოლის ველზე დანაკარგები გაიზრდება. წარუმატებლობები სულ უფრო და უფრო დამამცირებელი გახდება. ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩაიძირება. მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, გადასახადები გაიზრდება,  ინფლაცია კი მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს დააზარალებს“, - წერს სიბიგა.

მისივე თქმით, რუსეთში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რომლებიც შეიძლება "უკრაინის გრძელვადიანი სანქციებისგან თავისუფალი იყოს“ (საუბარია დარტყმებზე). თავდასხმების ინტენსივობა კვლავაც გაიზრდება, უფრო მეტიც, საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება, არამედ მხოლოდ გაძლიერდება, მათ შორის გაყინული აქტივების გამოყენება, მოგზაურობის აკრძალვები და დანაშაულებისთვის გარდაუვალი პასუხისმგებლობა.

სიბიგას თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ "კრემლის ფანატიკოსს ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში დარჩენა“ და მზადაა, საკუთარი ქვეყნის მომავალი გაწიროს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაანადგუროს "თავისი გიჟური ილუზიების გამო“.

"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ის უარს ამბობს მარტივი ჭეშმარიტების აღიარებაზე: ის ვერასდროს მიაღწევს თავის მიზნებს ბრძოლის ველზე და უმჯობესი იქნებოდა, უარი ეთქვა უკრაინის სწრაფი კოლაფსის, პარტნიორების მხარდაჭერის შესუსტების ან რუსეთზე ზეწოლის შემცირების გულუბრყვილო იმედებზე“, - აცხადებს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთს მაინც მოუწევს დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პირობები გაცილებით უარესი იქნება.

"პუტინის მიერ მშვიდობის უარყოფამ უნდა გამოიწვიოს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელოვანი ზრდა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება“, - აცხადებს სიბიგა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები