სულხან თამაზაშვილი - ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის სპორტის სასახლეში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა. მისი განცხადებით, ბათუმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია.
"მე ვარ ამაყი, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სწორედ ბათუმში. ბათუმი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს ძალიან ღირსეულად. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ სპორტსმენს, თქვენ ხართ თავდადებისა და შრომის საუკეთესო მაგალითი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის განსაკუთრებული შედეგები ჰქონდა ძალოსნობაში, მეტიც, ჩვენ გვყავს ცოცხალი ლეგენდები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღირსეული ღონისძიების ორგანიზებაში", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ასტრიტ ჰასანმა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ლაშა ტალახაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს სპორტის ხელშეწყობისთვის ჯილდო გადასცა.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აჭარის მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატს საქართველო მესამედ, ხოლო ბათუმი მეორედ მასპინძლობს.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




