Logo

სულხან თამაზაშვილი მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა

რეგიონები
94
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად, მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და საექსპორტო ბაზრებზე მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების გზებზე იმსჯელეს.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ციტრუსის რეალიზაციის პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს და აგრარული სექტორი მაქსიმალურად მომგებიანი გახდეს თითოეული ფერმერისთვის.

ციტრუსის ხარისხის და მოსავლიანობის გათვალისწინებით, 2025 წელი ფერმერებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. მიმდინარე წელს, აჭარაში მოსალოდნელია 60 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

ციტრუსის შეუფერხებელი სეზონის უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის მიერ არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, ხოლო ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს რეალიზაციის, გადამუშავებისა და ლოჯისტიკის პროცესებს.

Advertisement