Logo

სუსმა ფოთის საკრებულოს წევრი, უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია გამოკითხვაზე დაიბარა

სამართალი
56
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ყველა ადამიანს დაკითხავენ, ვისაც კი შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ საქმესთან. ლაშა რუხაია კი ამ ფაქტს მის მიმართ პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ფოთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაია, რომელიც უკრაინაშიც იბრძოდა. რუხაიას მოთხოვნით,  მას 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხავენ.

ლაშა რუხაია

„რატომ არის საქმე გრიფით „საიდუმლო“? იმიტომ, რომ მათ მიერვე დადგმული ზღაპრებია. სუსში წლების განმავლობაში არაერთხელ ვიყავი დაბარებული, მაშინაც ჭიკაიძე რომ ჰყავდათ მინისტრი და "საბურავების რევოლუციის" მოწყობას გვაბრალებდა. ჭიკაიძეც ამბობდა, რომ  „მაიდანს“ ვამზადებდი. სად გაქრა ეს სისხლის სამართლის საქმე, რატომ არ მიიყვანეს ბოლომდე. იმიტომ რომ მაშინაც ხალხის დასაშინებლად მოიგონეს, ნაციონალები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენო.

ახლა ისევ მიბარებენ. ჩემთვის სასაცილოა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილს პუტინისგან აქვს მიღებული დავალება, რომ ფიზიკურად და მორალურად გაგვანადგუროს ქართველი სამხედრეობი. თან ეს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, ჰქონიათ, ამით რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებს დაგვაშინებენ. ჩემთვის ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, რომ სუსი ჩემს მეგობრებს, ჩემს ნაცნობებს დევნის და მათ აიძულებს რომ ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მისცენ ჩვენება და ციხეში გამოგვკეტონ. სუსის გამომძიებლები აგონიაში არიან, რადგან კრემლიდან მიღებული ბრძანება სწრაფად უნდა შეასრულონ. უკვე იმ დონეზე არიან მისული, რომ უკანონოდ აკავებენ, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც თვითმფრინავში დამინახეს, ვისთან ერთადაც რესტორანში დაბადების დღეზე მნახეს და მათ აიძულებენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება გამოსძალონ.  ამ ხალხის უმრავლესობა,  პატიოსანი ადამიანები არიან და ცრუ ჩვენების მიცემას ურჩევნიათ რომ ქვეყნიდან გაიქცნენ, რომ თავი დააღწიონ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის ძალადობას. მე ასეთი ბევრი მაგალითი ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე გვარებს არ დავასახელებ. მხოლოდ მადლობას გადავუხდი მათ გმირობისათვის. ქართველ ხალხს მინდა მივმართო: ნუ გეშინიათ, მეგობრებო, ჩვენ ქართველი მებრძოლები, სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს ქვეყანას არ დავაზიანებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, მანამ სანამ კრემლის ბოროტი იმპერიას არ დავამხობთ", - განაცხადა რუხაიამ.

ლაშა რუხაიას გარდა, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა გელა კახაბრიშვილი, ვაჟა ცეცაძე, ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე და კონსტანტინე ჯღამაია.

როგორც დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, იძიებენ „უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

მამუკა მამულაშვილი

„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის პუტინის დაკვეთა. რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ქართველ სამხედროებზე,  უკრაინაში მებრძოლი ქართული ბატალიონის წევრებზე. ჩვენი სამხედროების დევნის ბრძანებაც რუსმა ივანიშვილმა პუტინისგან მიიღო. გამოცემა The Insider-თან ინტერვიუში მამულაშვილი გამოეხმაურა სუსში უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაბარებას და განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მოელოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა „ქართული ლეგიონის“ წევრები ძებნილთა სიაში შეიყვანა. „ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ“, - მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი.

ოპოზიციის შეფასებით, „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ განცხადებებით ხელისუფლება ხალხის შეშინებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

Advertisement