Logo

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა

სამართალი
343
Frontnews image description
© video grab

პარლამენტის წინ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე მათ ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. აქტივისტების თქმით, გოცირიძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.

ადვოკატი პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ომარ ფურცელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ საქმიდან გააქრო დანა, რომლითაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძე ბრალდებულებს და მათ თანმხლებ პირებს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, ერთ დღეში მოიპოვეს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ ორი კვირის განმავლობაში ვერ ამოიღო. ფურცელაძის თქმით, ამ ვიდეომტკიცებულებაში ჩანს, დაზარალებული ბრალდებულებს როგორ ესხმის დანით თავს, პატრული როგორ იღებს დანას და ხელს მოწმეს აწერინებს.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ბრალდებულებს სამი თვის განმავლობაში ემუქრებოდა და პროკურატურა მას პოლიტიკური მოტივით მფარველობს.

ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement