თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
