Logo

თეა ონიანი - ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს

კულტურა
170
Frontnews image description

ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს. რომელი ერთი ჩამოვთვალო: იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული.

"მაგალითად, ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. ნამდვილად არ ვუშინდებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს სიჩქარე არ უხდება. გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა. ასეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ შეისწავლეს და გამოიკვლიეს, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ.

ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს მივხედოთ.

საკმაოდ დიდი პრობლემაა ატენის სიონზე, პროექტი რაც მომზადებული დამხვდა, არის ატენის სიონზე სპილენძის გადახურვის მოწყობა, თუმცა ეს პროექტი ბოლომდე ვერ პასუხებს პრობლემებს, რაც დღეს ტაძარს აქვს. ატენის სიონს აქვს განსაკუთრებული გადახურვა, სადაც გადახურვის მოწყობა ძალიან სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემების გადაწყვეტაში უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, არსებულ პროექტებს განიხილავენ და მიგვითითებენ არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია პროექტებში. ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტები ამის შემდეგ განხორციელდება“, - განაცხადა თეა ონიანმა.

მისივე თქმით, უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებით.

"ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე დავგეგმოთ სამუშაოები. გავარკვიოთ რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს, რის გამოა ეს გამოწვეული. ან სახურავიდან ჩადის წყალი ან კაპილარული აწოვის შედეგად მიწიდან ხდება ამ ტაძრების დანესტიანება. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ, რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი რა სჭირს კედლის მხატვრობას. საჭიროა ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინერალოგები, რომლებიც სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე ბიოლოგია.

ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგვცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, მათ დასვან დიაგნოზი. მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ.

ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ რომ არ გავაფუჭოთ ის რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ასეთი ძეგლების რეაბილიტაცია. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ და უკვე დავალებული აქვს შესაბამის ჯგუფს, მოვიძიეთ ინსტიტუციები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ლაბორატორიები, ჰყავთ დარგში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც თანამშრომლობენ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციებთან. ვგეგმავთ ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის დაწყებას, რომ მათ მოავლინონ სპეციალისტები, რომლებიც აიღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოიკვლევენ, დასვამ ზუსტ დიაგნოზს, რა სჭირს, რის გამო ხდება, რის გამოა დაზიანებული ესა თუ ის ფრესკა და შემდგომში უკვე მოგვცემენ რეცეპტს თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სოკოს სახეობას, მარილს და ა.შ. ასევე, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა იყოს იმდაგვარი, რომ როცა უკვე დაიწყება მზა რეცეპტის საფუძველზე რეაბილიტაცია, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ქართველი სპეციალისტები, რათა მათ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მოახდინონ ფრესკების კონსერვაცია და შეიძინონ ის გამოცდილება, რაც უკვე არსებობს“,- განაცხადა თეა ონიანმა.

თაგები:

თეა ონიანი
Advertisement