Logo

თედო აბრამოვის დედა - ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამწუთას მე განვიცდი

საზოგადოება
114
Frontnews image description

ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამწუთას მე განვიცდი, - ამის შესახებ თედო აბრამოვის დედამ ლელა გორგიაშვილმა სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მან ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მისი შვილს მხარს უჭერდა. 

"ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამწუთას, მე განვიცდი, ბედნიერებას. სიხარულის ცრემლები მალე განეცადოთ და მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. ვუსურვებ, სიმართლე აღდგეს და მალე გახარებულები ყოფილიყვნენ. 

ვინც ჩემი შვილის გვერდზე იდექით და თანადგომას უცხადებდით, ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი დღის ძალიან დიდი იმედი მქონდა, ამ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი სრულიად უფალს ვიყავი მინდობილი. მადლობა უფალს, თქვენ, თითოეულ ტელევიზიას, საქართველოს მასშტაბით თითოეულ ადამიანს თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, ყველა იმ იოტისოდენა სითბო და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილისთვის გაიმეტეთ. ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამწუთას მე განვიცდი", - განაცხადა ლელა გორგიაშვილმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციების მონაწილე 22 წლის თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. განაჩენს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს.

Advertisement