თერჯოლაში, შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში, შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება, მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით უკვე მესამე წელია, ეწყობა. ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობა, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძე, ასევე სასულიერო პირები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო ჩართული.
საზეიმო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მერის მოადგილეები, ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შობის მახარებლები 7 იანვარს ჭაბუკმთის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ.
ალილოს მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული ასევე, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადმინისტრაციული ერთეულები, ა(ა)იპების წარმომადგენლები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოსწავლეები ალილოს მსვლელობას მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებზე სასაჩუქრე კალათებით, საშობაო ძღვენით და საშობაო თემატიკაზე წინასწარ მომზადებული, მისალოცი სახალისო - შემოქმედებითი ნომრებით უერთდებოდნენ.
"ალილო 2026" დღის ბოლოს, ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ თერჯოლაში ღონისძიება, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ალილოს მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.
ხელმძღვანელმა პირებმა თერჯოლის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს აქტიური მონაწილეობისთვის.
თაგები:
თერჯოლა












