Logo

“თავის მართლება იმით, რომ არ ვიცით რომელი ვაქცინა შემოვა, არ ვიცით არც ვადა და საინფორმაციო კამპანია ამის გამო ვერ იწყება, არასწორად მიმაჩნია”

საზოგადოება
1011
Frontnews image description

ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ქეთევან ჩხატარაშვილი ვაქცინების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის რომ ხელისუფლებამ არ იცის ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის კონკრეტული ვადა, არ ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო კამპანია არ უნდა წარიმართოს. 

"ბოლო კვლევა დეკემბრის თვეშია მემგონი გაკეთებული და საქართველოს 41% უარს აცხადებს ვაქცინაციაზე. მათ შორის 17% არის სამედიცინო პერსონალი, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. თავის მართლება იმით, რომ არ ვიცით რომელი ვაქცინა შემოვა, არ ვიცით არც ვადა და საინფორმაციო კამპანია ამის გამო ვერ იწყება, არასწორად მიმაჩნია. გასაგებია, ეს შეიძლება გადავდოთ, მაგრამ საინფორმაციო კამპანია აუცილებელია, ელემენტარულად ხალხს უნდა ავუხსნათ რაზეა საუბარი. კი, Pfizer-ის ვაქცინა შეიქმნა ამ კონკრეტული ვირუსისთვის, მაგრამ ის ტექნოლოგია, რომელზეც ეს [ვაქცინა] არის დაფუძნებული და რაც ჩვენს მოსახლეობას ყველაზე ძალიან აშინებს, დღეს და გუშინ არ შეუქმნია Pfizer-ს, ბოლო 15 წლის განმავლობაში მუშავდებოდა სხვა მსგავსი ვირუსისთვის. ის ვირუსი როგორც გაჩნდა ისე გაქრა, ამიტომ აღარ გახდა საჭირო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ტექნოლოგია არსებობდა და შესაბამისად, ვაქცინის შექმნაც მოხდა მოკლე დროში. ანუ, 15 წლის მანძილზე ეს ტექნოლოგია მუშავდებოდა, სწავლობდნენ, ცდიდნენ, არგებდნენ სხვადასხვა რაღაცას და ბოლოს მოარგეს იმას, რაც დასჭირდა მსოფლიოს, იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა იყოს მოსული, იმიტომ რომ ლეგიტიმურია კითხვა: როგორ შეიძლება გუშინ შექმნილი ვაქცინა, ასე სწრაფად გავუკეთოთ, შევთავაზოთ ყველას. უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს არ არის, ორ დღეში, 3 თვეში და გნებავთ 6 თვეში გაკეთებული ტექნოლოგია, ამას გაცილებით მეტი დრო აქვს დათმობილი. ეს შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან პატარა დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ ხალხისთვის, ვისაც წლების მანძილზე ესმოდა რომ ვაქცინები წლები მუშავდება, მათი კლინიკური ცდა ხდება და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ და დღეს ამას ვთავაზობთ, თან დაჟინებით. 

რატომ უნდა აიცრან და რატომაა უსაფრთხო – ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ქვეყანამ კონკრეტული ვადა იცოდეს, როდის შემოვა ეს ვაქცინა. ისევე როგორც ბევრია რიგში ის ვაქცინები, რომელიც  ჩვეულებრივი ტექნოლოგიით არის შექმნილი და მათ ძალიან დიდი შანსი აქვთ იმის, რომ ძალიან მოკლე ხანში მიიღებენ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას გამოყენებაზე. ასევე უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ მსგავსი ვაქცინა, ეფექტური, რაც მეტი იქნება ბაზარზე და ბაზარი გაჯერდება, შანსი იმის, რომ საქართველოსხელა პატარა ქვეყანამ მიიღოს თავისი წილი სრულად, არის ძალიან დიდი", – განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

თაგები:

Advertisement