Logo

“თუ გაგრძელდება მათი მხრიდან დესტრუქცია, შეხების წერტილები იქნება ნაკლები”

საზოგადოება
578
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პიკეტის მოწყობა იმ პირობის დარღვევაა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან", – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, რათა პოზიტიური შედეგი დაიდოს.

"ჩვენ, ამის მიუხედავად, მზად ვართ, ბოლომდე მივყვეთ მოლაპარაკების პროცესს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დაიდოს პოზიტიური შედეგი, მაგრამ თუ გაგრძელდება მათი მხრიდან დესტრუქცია და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც ვერ გადმოიდგმება, შეხების წერტილები იქნება ნაკლები. თუკი ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, რომ ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია მედიაციის წყალობით შეთანხმების მიღწევა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებისა და დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობის მიზნით, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა. აქტივისტების თქმით, ისინი შეძახილების გამო დააკავა, ვინაიდან მათი შინაარსი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

 

თაგები:

Advertisement