თინა ბოკუჩავა - არც იმას გამოვრიცხავ, გახარიას დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს, თუ დაინახა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია მართლაც გაერთიანდა

ავტორი
Front News საქართველო
"თუ დაინახა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია მართლაც გაერთიანდა, არ გამოვრიცხავ, გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია "ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო", რომელიც დასრულდა.
"კონკრეტულად გახარიას რაც შეეხება, მე საერთოდ აღარ განვიხილავ ამ ოპოზიციურ ძალას, როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას. მე მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პროექტი, რომელიც გამოჩნდა ნამდვილად, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო, უბრალოდ დახურულია, ლიკვიდირებულია, როგორც პოლიტიკური პროექტი იმიტომ, რომ მოხდა მისი სრული შეწოვა და კოოპტაცია, პოლიტიკურ თეორიაშიც არსებობს ეს ცნება, როდესაც ხდება პირდაპირ შეწოვა მმართველი, როგორც წესი ავტოკრატიული მმართველი პოლიტიკური ძალების მიერ და ეს მოხდა გახარიას შემთხვევაშიც.
ახლა ვხედავთ, რომ ის გაქრა და დასრულდა, როგორც პოლიტიკური პროექტი. ბუნებრივია, მე აქ არავისზე პიროვნულად არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკურ პროექტზე, რომელსაც ერქვა გახარია, რომელსაც ვითომ უნდა მიეზიდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილი, რომ ისინი არ წამოსულიყვნენ უფრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ" და რეალურად ოპოზიციური პარტიებისკენ. ეს პოლიტიკური პროექტი ივანიშვილს ჩაუვარდა. ის, რომ ეს ადამიანი წასულია ქვეყნიდან ამაზეც მეტყველებს, რატომ მისცეს მას შესაძლებლობა წასვლის და სხვა პოლიტიკოსებს არ მისცეს თუნდაც.
რა თქმა უნდა, ეს გარიგების საგანია, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია იქ იქნება, სანამ ეს ასე სჭირდება ბიძინა ივანიშვილს და არც იმას გამოვრიცხავ სხვათა შორის, რაღაც მომენტში გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს, თუ დაინახა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია მართლაც გაერთიანდა, ოპოზიცია მართლაც მზად არის ბრძოლისთვის და ეს ბრძოლის თარიღი ჩაინიშნა თავისუფალი სამართლიანი არჩევნების სახით, რისი ალბათობაც სულ უფრო და უფრო იმატებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




