Logo

თინა ბოკუჩავა - თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ?

პოლიტიკა
116
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას მიმართავს.

"მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ:

გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.

ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით.

მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.

თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ?

დროულად შეუერთდით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!" - წერს ბოკუჩავა.

იქამდე გახარიას პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მათი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე - ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ.

ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. მიზეზი რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

Advertisement