Logo

ცნობილი უკრაინელი სპორტსმენი ინესა ტუშკანოვა საქართველოში არ შემოუშვეს

პოლიტიკა
65
Frontnews image description

უკრაინის მოქალაქე, ცნობილი სპორტსმენი ინესა ტუშკანოვა საქართველოში არ შემოუშვეს. ის თბილისში სტამბოლიდან ჩამოდიოდა. უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ დღეს ყველას განსაკუთრებით ამოწმებდნენ და რატომ გააბრუნეს უკან, მისთვის არ აუხსნიათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის მოქალაქეებს ან პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ. 

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა, საქართველოს მთავრობამ გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა უკრაინის მოქალაქეების მიმართ. ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც უკრაინის მოქალაქეები ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმაურება ამ ფაქტს და აცხადებს, რომ „ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს”. 

სუსში კი აცხადებენ, რომ უკან გააბრუნეს მხოლოდ ის ადამიანები ვისზეც კითხვის ნიშნები არსებობდა.

სალომე სამადაშვილი (პარტია ლელო) აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ინსპექტირება ხორციელდება შერჩევითი პრინციპის მეშვეობით, რუსული ინტერესების გათვალისწინებით და უსაფრთხოების კრიტერიუმები  არაფერ შუაშია.

„შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არჩევნების გასაშუქებლად ქვეყანაში შემოუშვეს ამერიკისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ჟურნალისტი ალექსანდრე მალკევიჩი და აგრეთვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდასა" და ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემის ჟურნალისტები. ქართველი მესაზღვრეები, პირდაპირ  რუსეთისაგან იღებენ შავ სიებს, და წინასწარ იციან ვინ არ უნდა შემოუშვან“.

ლევან ბეჟაშვილი: (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

"კანონი და ქვეყნის უსაფრთხოება არაფერ შუაშია. აქ საუბარია იმაზე, რომ სპეცსამსახურები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ისინი თავისუფალი გადაადგილების უფლებას უზღუდავენ, როგორც უცხოელებს ასევე საქართველოს მოქალაქეებს. ამ ზაფხულს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონო დააკავეს ჭანტურიების ოჯახი, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. მე ამ ოჯახს კარგად ვიცნობ, ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან, ბიჭები არიან სამოქალაქო აქტივისტები და უცხოეთში მიემგზავრებოდნენ. ვერავინ გამცა პასუხი, რა დანაშაული ჰქონდათ ამ ადამიანებს და რატომ არ აძლევდნენ საზღვრის კვეთის უფლებას. ასეთი ფაქტები უკვე ბევრი დაგროვდა და დროა, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისინი. „ქართული ოცნების“ სამართალი არის უსამართლო ის ითვალისწინებს, ოკუპანტებისადმი მონური მორჩილებას და ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პატრიოტი მოქალაქეების დევნას“.

Advertisement