Logo

ცვლის თუ არა ვაქცინა ჩვენს დნმ-ს – სპეციალისტების განმარტება

Frontnews image description

რამდენიმე მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) შეცვლა შეუძლიათ. 

 

სპეციალისტები განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მითია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად ადამიანებს დნმ-ის შეცვლასთან დაკავშირებით კითხვები მაინც აქვთ:

 

“კიდევ საუბრობს ვინმე ამ თემაზე? წარმოუდგენელია, მეგონა, ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში, დაიხურა ეს საკითხი, როცა ცალსახად ითქვა, რომ ეს სისულელეა. ახლა თუ ისევ მუსირებს ხალხში ეს აზრი, მაშინ გამოდის, ამ ადამიანებთან რაიმეს განმარტებასაც აზრი აღარ აქვს. ეს იგივეა, შენ რომ იტყვი თეთრზე – თეთრია და ის ამბობს – შავიაო. რა ვუმტკიცოთ  და ვუხსნათ ახლა ამ ხალხს?! ეს სისულელეა“,  – ამბობს პროფესორი ივანე ჩხაიძე. 

 

და მაინც, რა არის მეცნიერების მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ჩვენს დნმ-ს არ ცვლის: 

 

COVID 19-ის ვაქცინების ნაწილი, მაგალითად –  „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები მზადდება საინფორმაციო რიბონუკლეინის მჟავის გამოყენებით. საქართველოს დავაადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ვაქცინის რნმ-ს არ შეუძლია ადამიანის დნმ-ის შეცვლა. რეალურად, ვაქცინის რნმ არ შედის უჯრედის ბირთვში, რომელშიც დნმ ინახება. შესაბამისად, ვაქცინის რნმ-ს არანაირი შეხება არ აქვს ადამიანის დნმ-თან.

 

რა უნდა ვიცოდეთ მ-რნმ ვაქცინებზე

 

მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ – ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. 

 

შემდგომ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს თავის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.

 

ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია – „მოდერნა“ და „ფაიზერი“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები