Logo

ტუსკი - რუსეთი ნატოს შესაძლოა, რამდენიმე თვეში დაესხას თავს, არსებობს სერიოზული კითხვები აშშ-თან დაკავშირებით

მსოფლიო
124
Frontnews image description

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყანას უახლოეს თვეებში დაესხას თავს და არა წლების შემდეგ. პოლონეთი ეჭვობს, რომ აშშ დაიცავს ნატოს ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

"ეს მართლაც სერიოზულია. მე ვსაუბრობ მოკლევადიან პერსპექტივაზე, თვეებზე და არა წლებზე“, - განაცხადა ტუსკმა რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე საუბრისას.

მისი თქმით, ნატოს მთელი აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი კითხვაა, შეუძლია თუ არა ალიანსს "პოლიტიკურად და ლოგისტიკურად რეაგირება მოახდინოს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის თავდასხმას შეეცდება“.

ტუსკმა განმარტა, რომ მისი სიტყვები წარმოადგენს არა სკეპტიციზმს ნატოს მე-5 მუხლის მიმართ, არამედ "იმედს, რომ ქაღალდზე დაწერილი გარანტიები ძალიან პრაქტიკულ რამედ გადაიქცევა".

"მინდა მჯეროდეს, რომ [მე-5 მუხლი] კვლავ ძალაშია, მაგრამ ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ პრობლემებზე. არ მინდა ასეთი პესიმისტი ვიყო... მაგრამ დღეს ჩვენ პრაქტიკული კონტექსტიც გვჭირდება“, - განაცხადა ტუსკმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემა პოლონურ-ამერიკული ურთიერთობების დონეზე კი არა, არამედ იმაშია, თუ როგორ გამოვლინდება ეს კავშირები რეალური საფრთხის წინაშე.

ტუსკმა გაიხსენა გასული წლის ინციდენტი, როდესაც დაახლოებით 20 რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

"პრობლემა იყო სექტემბრის ღამეს, როდესაც რუსებმა დრონების გამოყენებით საკმაოდ მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. ძალიან გამიჭირდა ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ეს არა შემთხვევითი ინციდენტი, არამედ პოლონეთის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი და მომზადებული პროვოკაცია იყო", - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ზოგიერთმა მოკავშირემ ამჯობინა "თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს არაფერი მომხდარა".

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ ევროპამ შეძლოს შესაძლო თავდასხმის მოგერიება, საჭიროა რეალური თავდაცვითი შესაძლებლობები და შეიარაღებული ძალების მობილურობა ქვეყნებს შორის.

ტუსკის თქმით, უკრაინაში ომიდან მის მიერ გამოტანილი ერთ-ერთი დასკვნა ის არის, რომ ევროპა სულ უფრო მეტად აცნობიერებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას.

"მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თუ რამე მოხდება, რუსეთმა იცოდეს, რომ რეაქცია მკაცრი და ცალსახა იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით, 2028 წლისთვის რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნებში სრულმასშტაბიანი ომის რესურსები არ ექნება.

ცნობისთვის, გერმანიამ მიიღო თავისი პირველი სამხედრო სტრატეგია, რომლითაც რუსეთი ოფიციალურად იდენტიფიცირებულია, როგორც ევროპის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე. თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის ემზადება და უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს დასავლეთის წინააღმდეგ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები