უკრაინა და აშშ ხვალ მაიამიში მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები ხვალ, 17 იანვარს, მაიამიში შეხვდებიან. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა ავრცელებს.
სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს აქტიურ კონსულტაციებს შეერთებულ შტატებთან მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების შესახებ.
"ხვალ, მაიამიში, ფლორიდაში, გაიმართება მოლაპარაკებები ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის და საპარლამენტო ფრაქციის "ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას მონაწილეობით“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, უკრაინა და შეერთებული შტატები ორ ძირითად დოკუმენტზე მუშაობენ - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიარდ დოლარამდეა. ასეთი შეთანხმებების ხელმოწერა შესაძლებელია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 19-დან 23 იანვრამდე გაიმართება.
"ვიზიტის მიზანია ამ შეთანხმებების დახვეწა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი საუკეთესოდ ემსახურებოდეს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ელჩმა.





