Logo

უკრაინამ და აშშ-მა მოამზადეს განახლებული ჩარჩო დოკუმენტი მშვიდობისთვის - ერთობლივი განცხადება

უკრაინა
218
Frontnews image description

23 ნოემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა მოამზადეს განახლებული და შესწორებული ჩარჩო დოკუმენტი მშვიდობისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას. ასევე ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო.

"მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, ერთობლივ წინადადებებზე უახლოეს დღეებში ინტენსიური მუშაობა გააგრძელონ.

"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერების და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო.

უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ომისა და სიცოცხლის დაკარგვის დასასრულებლად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის.

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, გააგრძელონ ინტენსიური მუშაობა ერთობლივ წინადადებებზე უახლოეს დღეებში. ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რაც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

20 ნოემბერს აშშ-მა უკრაინისთვის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა დონბასიდან უნდა გავიდეს, შეამციროს სამხედრო ძალები, უარი თქვას შორი მოქმედების იარაღზე და სხვა.

23 ნოემბერს აშშ-ის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ჟენევაში სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინას უსმენს და ბევრი რამ იცვლება.

Advertisement