Logo

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

უკრაინა
25.02.2022 / 02:22
1076
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

 

განსაკურგულება 90 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.

 

მობილიზაცია არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ძალების საომარ მდგომარეობაში გადაყვანაზე ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ საგანგებო მდგომარეობების გამო.

 

ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს უკრაინის საზღვრის დატოვება აეკრძალათ.

 

24 თებერვალს გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია დაიწყო. დაიბომბა უკრაინის ქალაქები. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 57 ადამიანი, დაიჭრა 169.

 

ასევე ოფიციალური პირების ინფორმაციით, დიდია დანაკარგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში – 24 საათში 400-მდე რუსი სამხედრო და ათეულობით სამხედრო ტექნიკაა განადგურებული. საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ისინი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, დასავლეთის შანტაჟისთვის გამოიყენებენ, თუმცა უკრაინა პასუხს ამზადებს.

 

ამ დროისთვის უკრაინაში ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის თავდასხმას იგერიებენ.

Advertisement