Logo

"უკრაინაზე უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება თავის ტერიტორიაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება"

უკრაინა
390
Frontnews image description

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კეირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პორტუგალიის პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა მათ და პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტთან ალასკაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, "შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება“. პრეზიდენტ ტრამპის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება. ჩვენ, ასევე, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გასამართად ევროპის მხარდაჭერით.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ-ი მზადაა, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. "მსურველთა კოალიცია“ მზადაა, აქტიური როლი შეასრულოს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობას; არ შეიძლება, რუსეთს ჰქონდეს ვეტო-ს უფლება უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე; უკრაინაზე უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება თავის ტერიტორიაზე; საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე, ვიდრე არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს“, – აღნიშნულია ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement