"ულტიმატუმები უნდა გაეგზავნოს კრემლს და არა კიევს" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორბანს და ფიცოს პასუხობს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის და სლოვაკეთის მუქარას პასუხობს, რომლებიც უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებიან, თუ ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ასეთი ქმედებები, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ყინვის დროს მასობრივი დარტყმების ფონზე, პროვოკაციული, უპასუხისმგებლოა და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი და ბრატისლავა არა მხოლოდ აგრესორის სასარგებლოდ თამაშობენ, არამედ ზიანს აყენებენ საკუთარ ენერგეტიკულ კომპანიებსაც, რომლებიც კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ ენერგომომარაგებას.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტზეა ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიური რუსული დარტყმების შედეგად განიცდის.
"ჩვენ ასევე ვაცნობეთ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს ნავთობსადენ "დრუჟბას" ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგების შესახებ. უკრაინამ ასევე შესთავაზა ალტერნატიული გადაწყვეტილებები არარუსული ნავთობის მიწოდებისთვის.
უკრაინა იყო, არის და დარჩება ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანა. ამავდროულად, ბრატისლავას და ბუდაპეშტის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო მუქარის ფონზე, კიევი განიხილავს ადრეული გაფრთხილების მექანიზმის გააქტიურებას, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით.
მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობებს, კონსტრუქციულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ. ულტიმატუმები უნდა მიემართოს კრემლს და რა თქმა უნდა, არა კიევს“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თაგები:
უკრაინა




