Logo

“უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება”

საზოგადოება
927
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი განადგურებულ ეკონომიკაზე, გაჩერებულ ბიზნესსა და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე საუბრობდეს და გამოსავალს ეძებდეს, მისი რიტორიკა კვლავ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პოლიტიკური ოპონენტების ჭრილში გრძელდება. 

"ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა განსაკუთრებული აგრესიისა და ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიისა და ყველა იმ ადამიანის, ჩვენი მეგობრების და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა ოპოზიციის დევნა იქნება. მანვე თქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის ნიკა მელიას მიმართ, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება", – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის განცხადება, ოპონენტებთან მოპალარაკებაზე ფაქტობრივად უარს ნიშნავს, ისინი ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

"ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა ხელს არ უწყობს იმას, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მოლაპარაკებების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კრიზისის ფონზე, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა და პარტიებმა, ღიად მოვუწოდეთ ხელისუფლებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით კვლავ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები. იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის. ღიად უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევისთვის და ღიად უწოდებს კრიმინალებს იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას ამ ქვეყანაში. 

მე მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ღილაკს დააჭერს ხელს და ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილის. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დღეს გამოსვლისას ოპონენტები არაერთხელ გააკრიტიკა, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას არარაობა და კრიმინალი უწოდა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებზე კი აღნიშნა, რომ ეს მისთვის და მისი გუნდისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.

თაგები:

Advertisement