უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სუსმა სამი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ სუსის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები - ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. "თექბირისტების ჯამაათის" წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან.
"სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, შედეგად დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები - ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. "თექბირისტების ჯამაათის" წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.
საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოგისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.
დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს“,- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს