ვახტანგ ძაბირაძე - ვფიქრობ, მთავარი მიზეზი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობაა, არჩევნები შეიძლება მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი იყოს

ავტორი
Front News საქართველო
სპეცრაზმელების დაკავება, როგორც საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობა და რიგგარეშე არჩევნების ბუნდოვანი პერსპექტივა - Front News-თან ინტერვიუში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგით, არამედ გეოპოლიტიკური ფაქტორებით, კერძოდ, ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგების სურვილით არის განპირობებული. რატომ გახდა საჭირო მაღალჩინოსნების შესაძლო გადადგომა, რა როლს ასრულებს ამერიკული ინტერესები რეგიონში და რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას?
- ბატონო ვახტანგ, საუბარი დავიწყოთ იმით, რომ 5 სპეცრაზმელი დააკავეს, რომლებსაც ჟურნალისტ როგავას, პოლიტიკოს ხაბეიშვილისა და ერთი მოქალაქის სასტიკ ცემაში ედებათ ბრალი. ოპოზიციამ ეს ნაბიჯი შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას დაუკავშირა. ერთი ვერსიით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში მარკო რუბიოს თანაშემწის ვიზიტს დაამთხვიეს, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს. როგორია თქვენი ვერსია?
- ის, რომ ხელისუფლებამ ამდენი ხნის განმავლობაში თითქოს ვერ დაადგინა დამნაშავეთა ვინაობა და მაინცდამაინც ახლა „აღმოაჩინა“ ისინი, დიდი გულუბრყვილობაა. ყველამ მშვენივრად იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, თუმცა აქამდე მათი დაკავების პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ახლა გაჩნდა გარკვეული ფაქტორები, რის გამოც "ოცნებამ“ სწორედ ის 5 სპეცრაზმელი შეარჩია, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში, ჩადენილი დანაშაულების გამო, განსაკუთრებით ნეგატიური განწყობა იყო. ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა იძულებაა - ისინი აიძულეს, ამ კომპრომისზე წასულიყვნენ. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობაა. მე ამას რიგგარეშე არჩევნებს არ ვუკავშირებ. არჩევნები შეიძლება მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი იყოს, თუკი ეს გადაწყვეტილება შედეგს არ გამოიღებს და იზოლაცია არ დასრულდება.
- ფიქრობთ, რომ "ოცნების" ქმედებები უფრო მეტად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა შიდა პროცესებზე?
- დიახ, ასეა. დიდ მნიშვნელობას შეიძენს ირანში განვითარებული მოვლენები და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტოს „ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ნაკლებად მჯერა, რომ ეს ნაბიჯები შიდა ფაქტორებითაა განპირობებული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ომის განვითარებაც - მოვლენების ნებისმიერი სცენარი პირდაპირ აისახება ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.
- ბოლო დროს ოპოზიცია ხშირად საუბრობს პრემიერ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომასა და ახალ კანდიდატებზე. რამდენად ელოდებით სამთავრობო ცვლილებებს და არის თუ არა ესეც საგარეო ფაქტორებზე მიბმული? რა შემთხვევაში გახდება საჭირო პრემიერის შეცვლა?
- ისევ და ისევ - თუ „ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციას ვერ გაარღვევს და შიდა პოლიტიკური ვითარებაც გართულდება, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, პოლიტიკა შეცვალოს. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. თუ პოლიტიკური კრიზისი და ეს მძიმე ფონი ერთმანეთს დაემთხვა, ხელისუფლება გამოსავლის ძიებას დაიწყებს (თუ უკვე დაწყებული არ აქვს). პოლიტიკის ცვლილებას კი აუცილებლად მოჰყვება კობახიძისა და მისი გუნდის ჩანაცვლება. თუ ივანიშვილს დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს, კობახიძის ფიგურა ამისთვის არ გამოდგება, რადგან მის მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა. როგორც წესი, როცა პოლიტიკური კურსი იცვლება, იცვლება სახელმწიფოს პირველი პირიც.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის სონატა კოლტერის ვიზიტს ხელისუფლება ურთიერთობების "გადატვირთვის" მცდელობად აფასებს. მაღალი დონის შეხვედრები როგორც მმართველ გუნდთან, ისე ოპოზიციასთან, მიანიშნებს თუ არა ვაშინგტონის სურვილზე, დეტალურად შეისწავლოს ვითარება სტრატეგიული თანამშრომლობისთვის?
- აქ ორი მიმართულებაა. ყველაფერი დაიწყო მარკო რუბიოს და პრემიერ კობახიძის სატელეფონო საუბრით, რასაც მოჰყვა ვიზიტები ამერიკიდან და ხელისუფლების რიტორიკის შერბილება. იძულების წესით გადაიდგა ნაბიჯები: სპეცრაზმელების დაკავება, კორუფციული საქმეების გახსნა და ა.შ. რაც შეეხება ამერიკულ ინტერესებს, უპირველესი ირანის საკითხია. ირანის რეჟიმი, დიდი ალბათობით, შენარჩუნდება, ამიტომ ამერიკელებისთვის საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური პლაცდარმი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეორე საკითხია ანაკლიის პორტი და შუა დერეფნის უსაფრთხოება. თუ საქართველოში სტაბილური ვითარება იქნება, ის ამერიკისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორად დარჩება. ჩვენი ხელისუფლება თავისი არსით ავტორიტარულია, თუმცა საქართველოში სრული ავტორიტარიზმის დამყარება შეუძლებელია - აქ ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. სწორედ ამას მოითხოვს ამერიკა, რომ ქვეყანა საბოლოოდ არ გადაიხაროს ავტორიტარიზმისკენ.
- ამ პროცესების პარალელურად, ოპოზიციაც უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ ამინდს, თუმცა ვხედავთ შიდა დაპირისპირებებს ახლად შექმნილ ალიანსებშიც კი. არის თუ არა დღეს ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად?
- არა, დღეს ოპოზიცია მზად არ არის. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია არა მათ განწყობაზე, არამედ იმაზე, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა. "ოცნებამ" ხვალ რომ არჩევნები დანიშნოს, შესაძლოა, ისევ პირველ ადგილზე გავიდეს, მაგრამ ეს ქვეყანას სტაბილურობას ვერ მოუტანს. საზოგადოებაში ნეგატივი იზრდება, თუმცა კულმინაციას ჯერ არ მიუღწევია; უფრო შეგუებული მდგომარეობაა. მიღებული კანონების გამო საშუალო ფენა ისპობა, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ ოპოზიციაში გამოსავალს ვერ ხედავს. ოპოზიციამ უნდა გაიგოს: მთავარია არა პარტიების, არამედ ელექტორატის გაერთიანება და იმ ამომრჩევლის გადმობირება, რომელსაც არც "ქოცები“ უნდა და არც "ნაცები“. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ხელისუფლებაში "რუსები არიან“, აღარ მუშაობს.
- მაშინ რა მიზანს ემსახურება 26 მაისს დაანონსებული აქცია? იქნება ეს მორიგი "საჩვენებელი" გამოსვლა ხალხის რაოდენობის დასათვლელად?
- დღეს ოპოზიციას მეტის რესურსი არ აქვს. რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა მივიდეს 26 მაისს, რა იქნება გაგრძელება? განმეორდება 4 ოქტომბრის სცენარი? გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას და ისევ სადმე შეჭრას ეცდებიან? სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, 26 მაისს ბევრი ხალხი რომ მივიდეს. საერთოდ, ოპოზიცია ზედმეტადაა გამოკიდებული სიმბოლურ თარიღებს, რაც შედეგს არ იძლევა. მათ 4 ოქტომბრის მოვლენების გაანალიზებაც კი არ სურთ. ამის გამო მოსახლეობის განწყობა მათ მიმართ კიდევ უფრო ნეგატიური გახდა. თუ ხალხს ისევ იმას შესთავაზებენ, რასაც ტელევიზიით ყოველდღე ისმენენ, ცვლილებების მოლოდინი დაბალია.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ ძაბირაძე




