ვახტანგ კაპანაძე - ირანი ეკონომიკურად იხრჩობა, უკრაინაში კი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი ახლოვდება

ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში ორი უმნიშვნელოვანესი კერა - უკრაინა და ირანი ახალ, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში მოკლევადიანი ზავის პერსპექტივასა და ირანის მკაცრ საზღვაო ბლოკადაზე საუბრობს, სამხედრო ექსპერტები პროცესების ღრმა ანალიზს გვთავაზობენ. Front News-თან ინტერვიუში გენერალი ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, თუ რატომ მიუახლოვდა რუსეთ-უკრაინის ომი კულმინაციურ წერტილს, რას ნიშნავს „სულის მოთქმა“ ფრონტის ხაზზე და რამდენად რეალურია ირანის შიდა რევოლუციური სცენარი ეკონომიკური იზოლაციის ფონზე.
- ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ "მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის“ შესაძლებლობაზე საუბრობს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ინიციატივა დღევანდელი ფრონტის ხაზის გათვალისწინებით და ხომ არ არის პუტინის მხრიდან ეს მხოლოდ "დროის მოგების“ მცდელობა ძალების გადასაკვირად და ახალი იერიშისთვის მოსამზადებლად?
- მე ამას უკვე დიდი ხანია, ველოდი. ადრეც მეგონა, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგმული იქნებოდა. რუსეთსაც, ისევე როგორც უკრაინას, არ ულხინს, ამიტომ ორივე მხარე მისული იყო კულმინაციის წერტილთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუკი ეს მოხდა და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მოხდება - აქ ვსაუბრობ ცეცხლის შეწყვეტაზე და არა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ეს ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ხოლო რამდენხნიანი იქნება ეს, ესეც საკითხავია.
- ვის უფრო სჭირდება ახლა პაუზა: დღეს არსებული სამხედრო რესურსებისა და დანაკარგების ფონზე, ვისთვის არის უფრო კრიტიკული ცეცხლის შეწყვეტა - უკრაინისთვის, რათა ამოისუნთქოს და დასავლური დახმარება დააბალანსოს, თუ რუსეთისთვის, რომელსაც მიუხედავად ინიციატივისა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგები აქვს?
- რა თქმა უნდა, ეს იქნება სულის მოთქმის საშუალება, რათა მხარეები შემდგომი ფაზისთვის მოემზადონ. ეს ფაზა როდის დადგება, დამოკიდებულია მხარეებზე. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დღემდე მოქმედებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ისევე, როგორც საქართველოში - ჩვენ რუსეთთან მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე გვაქვს ხელი მოწერილი, სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაგვიდია. ფაქტობრივად, რუსეთთან ჩვენ ისევ ომში ვიმყოფებით.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ ცეცხლის შეწყვეტას, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის რა რესურსი გააჩნია. ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთი თავისი შესაძლებლობების კუმულირებას დაიწყებს. იმავეს იზამს უკრაინაც. უკრაინასაც სჭირდება სულის მოთქმა, რადგან რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხდება. უკრაინაში ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებას, რადგან ფიქრობენ, რომ რუსეთი ამას საკუთარი ძალების მობილიზებისთვის გამოიყენებს. თუმცა, როდესაც ამერიკა უკრაინასთან დაკავშირებით დახმარების გარკვეულ ბერკეტებს ფლობს, ალბათ, სჯობს, ამერიკის თამაშის წესებსაც მიჰყვნენ.
აქვე დგება მეორე საკითხი - ომი გამოფიტვაზე, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში. აქ არ არის გადამწყვეტი ის, თუ ფრონტის ხაზზე რა გაქვს გამოყენებული. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა რესურსი გაგაჩნია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოგიყენებია. ამ მხრივ რუსეთის დიდ რესურსს ვერ ვხედავ. მათ სულ სამი საშუალება აქვთ: პირველი - საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და მილიონიანი არმიის შექმნა, რათა ადამიანური მასის სიმძიმით შეძლონ გარდატეხის შეტანა; მეორე - ბირთვული იარაღი და მესამე - ბელარუსის ამ ომში ჩართვა. 5 წელია, ომი მიმდინარეობს და ვერც ტექნიკურად, ვერც ტაქტიკურად რუსეთი სიახლეს ვეღარ ახერხებს.
რაც შეეხება უკრაინას, მის უკან მთელი ევროპა დგას - 500-მილიონიანი ევროპა, გაცილებით დიდი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ვიდრე რუსეთს გააჩნია. ეს ევროპა უკრაინას ახალი თაობის, საუკეთესო იარაღით აიარაღებს.
- გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადება ტერიტორიულ დათმობებზე შესაძლო კომპრომისების შესახებ, ხომ არ მიანიშნებს ევროპის წამყვანი ქვეყნების განწყობის ცვლილებაზე და ხომ არ გახდება ეს დასავლური ერთობის რღვევის საფუძველი?
- მე ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა და საქმის კუთხით არ კეთდება. მოდი, შევხედოთ რეალობას: პოლიტიკური განცხადება ერთია და ქმედება მეორე. იგივეა ტრამპის განცხადებებიც. უკრაინისთვის მთავარი ის 90 მილიარდია, რასაც დახმარების სახით მიიღებს. ამ დახმარებაში შედის გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობაც. ასე რომ, როცა საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, აქ არ იგულისხმება ის, რომ რუსეთს რამე უნდა დაუთმონ.
- თუმცა რუსეთის პირობები ვიცით და რამდენად ელით, რომ ახლა ის პოზიციებს შეცვლის? არის მოსალოდნელი, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ პუტინმა ისევ წამოაყენოს ულტიმატუმები?
- დიახ, რუსეთი ითხოვს. ჯერ ხერსონს, ზაპოროჟიესა და დონბასის იმ ტერიტორიებს ითხოვდა, რომლებსაც საერთოდ არ ფლობს. ახლა მხოლოდ დონბასის ტერიტორიაზეა ჩამოსული. უკრაინის მხრიდან მკაცრად არის გაცხადებული: თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, ეს უნდა მოხდეს არსებულ ნულოვან ხაზზე, სადაც ამ ეტაპზე ჯარები დგანან. მეორე, როგორც დასაშვები ვარიანტი, რომელზეც ზელენსკი საუბრობს: დონბასს დაუთმობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს გარანტიას, რომ რუსეთი აგრესიას აღარ განაახლებს. ამისთვის ჯარები უნდა შემოიყვანოს ნატომ და ევროპამ. მე არ მგონია, რომ ეს ორი მხარე ახლა ამაზე თანახმა იყოს, ამიტომ პირველი ვერსია უფრო შესაძლებელია - ცეცხლის შეწყვეტა იმ პოზიციებზე, სადაც ახლა ჯარები დგანან.
- აუცილებლად ირანის თემასაც მინდა შევეხოთ. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საზღვაო ბლოკადა (ჰორმუზის სრუტე) უფრო ეფექტიანია, ვიდრე დაბომბვები. სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად მდგრადია ასეთი ტიპის ბლოკადა და რამდენად შეუძლია მას აიძულოს ირანი, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე სამხედრო ესკალაციის გარეშე?
- ის ხელისუფლება, რომელიც ახლა ირანშია, არცერთ შემთხვევაში არ იტყვის უარს ბირთვულ ამბიციებზე. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება, ირანი მუდმივად შეეცდება ბირთვული პოტენციალის განვითარებას. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, მისი ბლოკადა ამერიკის მხრიდან ირანს დღეში 430 მილიონ დოლარს ართმევს. აქ იგულისხმება როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი. რამდენიმე კვირაში ირანს აღარ დარჩება თავისუფალი სივრცეები ნავთობის დასასაწყობებლად, რადგან მისი გატანა ვეღარ ხერხდება. ისინი იძულებული გახდებიან, ჭაბურღილები დახურონ. ეს ძალიან რთული საინჟინრო პროცესია და მათი ხელახალი გახსნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი; გახსნის შემთხვევაშიც, მოპოვების 10-15% იკარგება. ასე რომ, ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ნავთობის მოპოვების შეჩერებას მოსახლეობის მასობრივი უმუშევრობა მოჰყვება.
- თუ ირანი მართლაც „იხრჩობა“ ბლოკადის გამო, ხომ არ აიძულებს ეს თეირანს, გადავიდეს ვა-ბანკზე და წამოიწყოს ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რაც საბოლოოდ აშშ-ის პირდაპირ სამხედრო ჩართულობას გამოიწვევს?
- გამორიცხულია, ირანი ახლა რეგიონში ომს ვერ დაიწყებს, მაშინ ეს თურქეთის და შემდეგ საუდის არაბეთის წინააღმდეგ უნდა გააკეთოს, რაც გამორიცხულია. შესაძლოა, დაბომბვები გააგრძელოს, მაგრამ სერიოზული ომის დაწყების საშუალება მას არ აქვს. ჰორმუზის სრუტის დაკეტვა არ გამორიცხავს ამერიკის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებასაც. ორი ავიამზიდი უკვე რეგიონშია, რაც საკმაოდ დიდი ძალაა. გარდა ამისა, იქ იმყოფება საზღვაო ქვეითთა სადესანტო რაზმი. თუმცა, რასაც ტრამპი ამბობს, მნიშვნელოვანია - ჰორმუზის დაკეტვა არანაკლებ დამანგრეველია, ვიდრე ხარკის კუნძულზე დესანტის გადასხმა. აბსოლუტურად იგივე შედეგს იღებ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ბლოკადა ზღუდავს იმპორტსაც. საზღვაო გზით ირანში პროდუქტებისა და მედიკამენტების 60-70% შედიოდა. ეს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. "გუშაგთა კორპუსის“ სამხედროებსაც ხელფასი სჭირდებათ, ისე თავს არავინ მოიკლავს. ირანის შაჰის დროს რევოლუცია სწორედ სოციალურმა აჯანყებამ გამოიწვია — ჭაბურღილების ადეკვატური ფუნქციონირების შეფერხება იყო ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის.
- პუტინის როლზეც გკითხავთ ირანის საკითხში. ტრამპი აღნიშნავს, რომ პუტინს ირანის ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულობა სურს. თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია რუსეთი ირანის ბირთვული შეიარაღების შეკავებაში, თუ ის უბრალოდ ცდილობს თეირანი ვაჭრობის საგნად გამოიყენოს საკუთარი ინტერესების დასაცავად უკრაინაში?
- რა თქმა უნდა, ასეა. პუტინი ცდილობს ვაჭრობას და ამას ტრამპიც კარგად ხვდება. ამიტომაც უთხრა მას: „მოდი, შენ უკრაინას მიხედე და ეგ პრობლემა გადაჭერიო“. ვის სჯერა პუტინის სიტყვის ან რაიმე ხელშეკრულების? ცალი ხელით ირანს ეხმარება, მეორე ხელით კი ვითომ ამერიკას. ეს სასაცილოა, მართლა სატირალი რომ არ იყოს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ კაპანაძე




