ვახტანგ კაპანაძე - პუტინს თავისი დილემა აქვს, რუსეთში ომიდან რამდენჯერაც უკან ჯარი დაბრუნდა, იმდენი რევოლუცია მოხდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების ახალ ფაზაში შედის, თუმცა მხარეებს შორის უთანხმოება კვლავ რჩება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, მაგრამ აყენებს პირობებს, რომლებიც კიევისთვის მიუღებელია. ეს მოთხოვნები, ტერიტორიების დათმობის ჩათვლით, დასავლელი ლიდერების შეფასებით, „ხაფანგს“ წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ რუსულ აგრესიას გააძლიერებს.
მეორე მხრივ, უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობენ, რათა ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული. ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება გაყოფილია: ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპი, ომის სწრაფად შეჩერებისკენ მოუწოდებს, თუმცა მისი განცხადებები ბუნდოვანია. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და მოლაპარაკებების პროცესი პოზიციების მოსინჯვის ეტაპზე რჩება.
ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს.
- ბატონო ვახტანგ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია ომის შეჩერება და ორ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პოზიციების გაგება. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ეს განცხადება? თქვენი აზრით, რა სახის სამოქმედო გეგმა შეიძლება ჰქონდეს მას და რამდენად მიზანშეწონილია ისეთი ვარიანტები, როგორიცაა „მასიური სანქციების ან ტარიფების დაწესება“, ან „საერთოდ არაფრის გაკეთება“?
- სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ ყურადღებას იმას ვუთმობ, რა კეთდება რეალურად და არა იმას, რასაც ტრამპი საუბრობს. მისი განცხადებები ხშირად არათანმიმდევრულია. მერამდენე გაფრთხილებაა ეს რუსეთისთვის? გვახსოვს 8 აგვისტომდე დაწესებული 50-დღიანი ვადა, ახლა კი ისევ ორ კვირაზე საუბრობს. სწორედ ამიტომ, ძნელია მისი განცხადებების რეალური შინაარსის ამოცნობა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც არ მიმაჩნია, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული. ეს უფრო პოზიციების მოსინჯვა მგონია და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მაინც შედგება, თუმცა მშვიდობის დამყარებას უახლოეს რამდენიმე წელში არ ველი. აქ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი და არა სრულად ომის დასრულებაზე.
- ევროკავშირისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, რუსეთის მიერ დაყენებულ პირობებს „ხაფანგს“ უწოდებს, რომელიც რუსულ აგრესიას აძლიერებს. ჩვენ ვიცით პუტინის მოთხოვნები ოთხ რეგიონთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილი სრულად არც კი აქვს დაპყრობილი. როგორ შეაფასებთ რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებების პირობებს? რამდენად მისაღებია უკრაინისთვის ამგვარი „ულტიმატუმები“ და რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტერიტორიების დათმობას?
- ტერიტორიებით ვაჭრობა რუსული სტილია. პუტინის ლოგიკა ასეთია: წაგართმევ დიდ ტერიტორიებს და შემდეგ მათთან დაკავშირებით ვივაჭრებ, რათა მცირე ნაწილი დაგიბრუნო, დიდი კი დავიტოვო. რუსეთი უკრაინას აბრუნებს ტერიტორიებს, რომელთაც ისედაც ვერ აკონტროლებენ. სუმის ოლქიდან უკრაინელებმა რუსები თითქმის გაყარეს და საზღვართან ახლოს მხოლოდ რამდენიმე სოფელსღა აკონტროლებენ. ამავე დროს, მთელ დონბასს ითხოვენ, რომელიც მოიცავს კრამატოვსკი-სლავიანსკის თავდაცვით რაიონს, რაც შესაძლოა, ხარკოვზე შეტევის პლაცდარმად იქცეს. ამიტომ უკრაინამ ეს ტერიტორიები რატომ უნდა დათმოს? ასევე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე რა ხდება? უკრაინამ ისინიც უნდა დათმოს, მაშინ როცა რუსები დნეპრზე ვერ გადადიან. ეს არის ლოგიკას მოკლებული წინადადებები, თუმცა რუსებისთვის ჩვეული სტილია. მათ სურთ, უომრად მიიღონ ტერიტორიები, რომელთა დაკავებასაც ვერ ახერხებენ. ფრონტის ხაზზე რუსებს არანაირი სამხედრო წარმატება არ გააჩნიათ, რომ უკრაინა იძულებული გახდეს, ყველაფერზე დათანხმდეს. დასავლეთიც ამ აზრზე არ არის.
- აშშ-ის მაღალჩინოსნებისგან და ასევე ტრამპისგან მუდმივად ისმის მოწოდება, რომ უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ დღეებში უკრაინაში ჩავა. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, უკრაინაზე ტერიტორიების დათმობის მოთხოვნით აშშ-დან ზეწოლა გაძლიერდეს?
- გასაგებია, რომ უკრაინაც რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ცეცხლის გაყინვა და საომარი მოქმედებების შეჩერებაა იმ ხაზზე, რომელიც ახლა მოწინააღმდეგე მხარეებს უკავიათ. უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე წასვლა სრულიად გამორიცხულია. ეს წარმოუდგენელი პირობებია, რომელზეც უკრაინას დათანხმების უფლება არ აქვს.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინაში ვიზიტისას უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა. რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს შეიძლება ელოდოს უკრაინა ნატოსგან ომის დასრულების შემდეგ და რამდენად საკმარისი იქნება ეს რუსეთის მომავალი აგრესიის შესაჩერებლად?
- მშვიდობის დამყარების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. ერთი ვარიანტია, როცა მშვიდობის გარანტორი მესამე მხარე, ანუ დასავლეთი, ხდება. აქ მხარდაჭერა გამოთქვეს იაპონიამ და ავსტრალიამაც. დემოკრატიული მსოფლიო უკრაინას მხარს უჭერს. შესაძლოა, საუბარი იყოს სადამკვირვებლო მისიებზე, თუმცა ისინი არც თუ ეფექტიანია. 2014 წლიდან ისინი უკრაინაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ვერაფერი კონკრეტული ვერ გააკეთეს.
საქართველო კი ამის უკეთესი მაგალითია. მეორე ვარიანტია, რომ მხარდამჭერი სამხედრო კონტინგენტი განლაგდეს ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, რაც შესაძლოა, რუსებისთვის შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ისინი ნამდვილად მოერიდებიან გერმანელი ან ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობას. მესამე ვარიანტი კი ამ ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებაა. ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტიანი და გარანტირებული უკრაინის შეიარაღებული ძალებია. სხვათა შორის, ამას დასავლელი მოკავშირეებიც აღნიშნავენ. ისინიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. უკრაინა ფოლადის ზღურბლად უნდა იქცეს. მოკავშირეების მხარდაჭერა კი მაშინ დაიწყება, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა მოხდება.
- თუმცა, ჩვენ ვიცით პუტინისა და რუსეთის პოზიცია, რომელიც ნატოს ქვეყნების ჯარების და ევროპელების ფრონტის ხაზზე განლაგების, როგორც სამშვიდობო ძალების, წინააღმდეგია. ელით, რომ შესაძლოა, რუსეთი ამას დათანხმდეს?
- მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ბოლო დროს პუტინმა ბევრი რამ გადაყლაპა. გვახსოვს, ის ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან საერთოდ არ განიხილავდა და მას „ტერორისტს“ უწოდებდა. ახლა კი საშუალებას ეძებს მოლაპარაკებები გაიმართოს. პუტინს თავისი დილემა აქვს. ომის დასრულება და ამხელა ჯარის მასის რუსეთში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. რუსეთის სოციალური ფონისთვის ეს უმძიმესი დარტყმა იქნება. სანამ ფრონტის ხაზზე არიან, ხელფასს იღებენ. სახლებში დაბრუნების შემთხვევაში კი ისინი უფულოდ და უსაქმოდ დარჩებიან, რაც პუტინისთვის და კრემლისთვის დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს.
რუსეთში რამდენი ჯარიც დაბრუნდა ომიდან, იმდენი რევოლუცია მოხდა. ნაპოლეონის ომის შემდეგ, როცა ჯარი დაბრუნდა, დეკაბრისტების აჯანყება იყო. იგივე მოხდა იაპონია-რუსეთის ომის შემდეგ და ასევე ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარის შემთხვევაშიც. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი ჯარი არ დაიშლება და თავის პოზიციაზე დარჩება. შესაბამისად, ეს მასა არ ბრუნდება და რუსეთის სიღრმეში არ მიდის. ამიტომ ესეც გამოსავალია. პუტინიც ცდილობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, რათა შემდეგ ეს ომი მოგებულად გამოაცხადოს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ კაპანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს