Logo

ვახტანგ ლოლუა - მთავარი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა, თუ იშრომებ, შედეგი აუცილებლად მოვა

სპორტი
441
Frontnews image description

ყველა ჩემპიონობის უკან დგას ისტორია. ამ ისტორიის მთავარი გმირი არის 18 წლის ჩემპიონი, რომელმაც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონობა ისევ მოუტანა და გამარჯვებას დიდი შრომით და რწმენით მიაღწია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (55 კგ) ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2019 წელს ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა - 6 წლის შემდეგ კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვახტანგ ლოლუა დადგა, რომელიც ყველა გამარჯვებას 2024 წელს გარდაცვლილ ნუგზარ წურწუმიას უძღვნიდა.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ვახტანგ ლოლუა Front News-თან ინტერვიუში მთავარ მიღწევასა და სამომავლო მიზნებზე საუბრობს.

- როგორ დაიწყო თქვენი გზა ჭიდაობაში?

- ჭიდაობაზე შესვლა ჩემი სურვილი არ ყოფილა. მე მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მშობლებთან ბევრი ვისაუბრე ამაზე, მაგრამ მამამ და ნათლიამ ჭიდაობაზე შემიყვანეს. ცხრა წლისამ ფოთში დავიწყე ვარჯიში, ერთ წელში კი ხობში გადმოვედით და აქ გავაგრძელე. აქედან დაიწყო ჩემი გზა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონი ვარ.

- პირველი ტურნირი ან პირველი გამარჯვება...

- მახსოვს პირველად ფოთში ჩატარდა შეჯიბრება, სადაც ვიასპარეზე და დავიკავე მესამე ადგილი, ეგ იყო ჩემთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი და ემოციური დღე, რადგან ცხრა წლის ვიყავი და ძალიან მიხაროდა ჩემი პირველი მედალი.

- როდის იყო ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ ჭიდაობა თქვენთვის უბრალოდ ჰობი არ იქნებოდა?

- 13 წლის ასაკში ვიასპარეზე პირველად საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც გავიმარჯვე. შემდეგ საზღვარგარეთ ჩატარდა შეჯიბრება და ისიც პირველ ადგილზე დავასრულე, მალევე ევროპის ვიცე ჩემპიონიც გავხდი, რის შემდეგაც თავდაჯერებულობა მომემატა და გავიაზრე, რომ შემეძლო დიდ სპორტში მიმეღწია წარმატებისთვის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ეს სპორტი ჩემი ცხოვრებაა და ჭიდაობის გარდა არაფერი მინდა.

- ვინ არის თქვენი კუმირი? 

- ჩემი კუმირი არის ნუგზარ წურწუმია, ვისთან ერთადაც ვვარჯიშობდი და ვიზრდებოდი. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- რა/ვინ გაძლევთ ყველაზე დიდი მოტივაციას? 

- რა თქმა უნდა ოჯახის წევრები და მწვრთნელები, რომელთა დიდი დამსახურებაა ჩემი წარმატება და მადლობა მათ ამისთვის.

- რაიმე რიტუალი ან ჩვევა, რომელსაც ყოველი შეხვედრის წინ აკეთებთ

- დიახ, სანამ ხალიჩაზე შევალ საჭიდაოდ მანამდე ყოველთვის ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და რაც ნავარჯიშები და ნაშრომი მაქვს ყველაფერი გამოვიყენო.

- როგორია სავარჯიშო დღის რუტინა? 

- ძალიან დატვირთული, დამღლელი და შრომატევადია, დღეში სამჯერ მაქვს ვარჯიში და არის ხოლმე მომენტები, რომ ოჯახთან კომუნიკაცია ვერ მაქვს მოუცლელობის გამო.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალ დროს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ვატარებ.

- რა იგრძენით იმ მომენტში, როცა გაიაზრეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდით?

- მართლა დიდი ხანი ვერ გავიაზრე, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. საქართველოში, რომ ჩამოვედი და გულშემატკივრები დამხვდნენ იქ ვიგრძენი ჩემპიონობა, რაც ენით აღუწერელი იყო.

- რომელი ბრძოლა იყო ყველაზე რთული და არაკომფორტული? 

- ყველაზე მეტად გამიჭირდა რუმინელ მეტოქესთან ბრძოლა, რომლის დამარცხებაც ბოლო ოთხ წამზე შევძელი. კარგი ბიჭია, დიდი შედეგები აქვს, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონია. ჩემზე ბევრად გამოცდილი იყო და მას, რომ მოვუგე უფრო თავდაჯერებული გავხდი.

- რა არის გადამწყვეტი გამარჯვებისთვის?

- მოკლედ რომ ვთქვა, ხასიათი იმარჯვებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის “ჩემპიონობა”?

- ჩემპიონობა არის ყველაზე მაგარი შეგრძნება, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები გხვდებიან, გესალმებიან და ფოტოს იღებენ შენთან, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩემპიონობას რთული მხარეც აქვს და ეს მისი შენარჩუნებაა. ვეცდები ჩემი მოპოვებული ტიტული დიდხანს შევინარჩუნო და შემდეგ ასპარეზობებზეც იგივე სინჯის მედლები ჩამოვიტანო.

- რა შეცვალა ამ გამარჯვებამ თქვენთვის? 

- მოკლედ რომ ვთქვა მასწავლა ის, რომ შრომა არასდროს იკარგება. თუ იშრომებ, შედეგი აუცილებლად მოვა.

- რა არის თქვენი მთავარი მიზანი? 

- ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობაა და რა თქმა უნდა, ჩემიც. 2028 წლის ოლიმპიადაზე ვეცდები ჩემს ქვეყანას ჩემპიონი დავუბრუნდე, ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.

- რა რჩევას მისცემდით სხვა დამწყებ თუ მოქმედ ახალგაზრდა სპორტსმენებს?

- თავდაუზოგავად იშრომონ, ბევრი ივარჯიშონ და შედეგი აუცილებლად მოვა.

- როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა დღეს საქართველო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში?

- საქართველოში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა ძალიან განვითარდა. საზღვარგარეთ დავდივართ შეკრებებზე, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს და ყოველ წელს თითოეულ შეჯიბრებას უფრო და უფრო მომზადებული ვხვდებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი სპორტის სამინისტროს, ფედერაციას და მწვრთნელებს, რადგან მათი ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

- რის შეცვლას ისურვებდით ამ სპორტის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში?

- იმას ვისურვებდი, რომ ამ სპორტში მეტი დაფასება იყოს, ინტერესი იყოს განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მინდა მოჭიდავეებს ჰქონდეთ უკეთესი პირობები და მოტივაცია, რომ მათი შრომა ფასდება.

მეგი უბილავა

Advertisement