ვასო ურუშაძე - ავტოსაგზაო შემთხვევები არის ძალიან მძიმე და დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევები არის ძალიან მძიმე და დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველწლიურად 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება საქართველოს საავტომობილო გზებზე და აქედან, სამწუხაროდ, უმრავლესობა არის ახალგაზრდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებს ხელისუფლება უგულებელყოფს და აღწერის დონეზე ინტერესდება.
"ავტოსაგზაო შემთხვევები არის ძალიან მძიმე და დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველწლიურად 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება საქართველოს საავტომობილო გზებზე და აქედან, სამწუხაროდ, უმრავლესობა არის ახალგაზრდა და ამ პრობლემას უგულებელყოფენ, არაფერს პრევენციულს არ აკეთებს და არის მხოლოდ ჯარიმებზე და შემოსავლებზე ორიენტირებული.
როგორ შეიძლება, იზრდებოდეს ჯარიმა, მისი ღირებულება, რომელსაც უკვე წლებია, შეუქცევადი ხასიათი აქვს, იზრდებოდეს ჯარიმების რაოდენობა და გზებზე ავარიებისა და სიკვდილიანობის რიცხვიც? ეს ხომ ერთმანეთის საპირისპიროა და თან ხომ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ აქვს. ხელისუფლებას გამომწვევი მიზეზები არ აინტერესებს, აღწერითაა მხოლოდ დაკავებული და ავრცელებს, რომ მოხდა ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა ამდენი ადამიანი, თუ ვინმე ნასვამი იყო, დავაბრალოთ მძღოლს, თუ სიჩქარის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი, აღარ იკვლევენ და თუ ვერ დაადგინეს, ე.ი. დაუდგენელი მიზეზია და გავიარეთო - ეს არის მათი მოქმედების არეალი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთ-ერთი დიდი ტვირთი არის "ქართული ოცნების" კაბალური პოლიტიკა და ის ჯარიმები, რომელიც ყოველდღიური უმძიმესი ტვირთია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მძღოლებისთვის. მხოლოდ თბილისში 1100 ადამიანს დღეში უწერენ 50-ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოთხასი ათასი ადამიანი და ოცი მილიონი ლარი, რომელიც ხვდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში, იხარჯება არამიზნობრივად", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე




