Logo

ვლადიმერ ზელენსკი – სანამ მსოფლიო სიცოცხლეს აფინანსებდა, რუსეთი ინვესტიციებს სიკვდილში დებდა

უკრაინა
430
Frontnews image description

აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტს.

 

მისივე თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

 

“დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში – ყველაზე ძლიერ თავდაცვის გაერთიანებაში. ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ნაცრისფერ ზონაში ვართ დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. 

 

ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა დიდი სამხედრო რესურსი დააგროვა, მათ შორის ბომბები და რაკეტები. სანამ მსოფლიო სიცოცხლეს აფინანსებდა, რუსეთი ინვესტიციებს სიკვდილში დებდა. უკრაინა მედგრად დგას და ამისთვის ძალიან დიდ საფასურს ვიხდით. მათ შორის განადგურებული ქალაქებისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის სახით. ომის გამო რამდენიმე მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისინი ახლა ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ომის 1 თვის განმავლობაში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ უკვე 1000 რაკეტა გაისროლა.

 

ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგებად, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ცის დაკეტვაში ნებისმიერ ფორმატში. დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ ბევრად ნაკლები ავიაცია გვაქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომ მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი იარაღის გამოყენება. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ ფიქრობს. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას უფრო შორს უნდა წასვლა – ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპის წევრებთან. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი – ეს ნამდვილად. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვსურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement