Logo

“ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დასავლელი პარტნიორების რჩევები, თხოვნა და რეკომენდაცია”

საზოგადოება
798
Frontnews image description

"საერთაშორისო მოწოდებების ძირითადი პათოსი მიმართულია არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ დაპირისპირების შემცირებისკენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება იქმნება, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება და ამას მმართველი გუნდი არ გაურბის.

„შესაბამისად, აქ უცნაური არაფერია. ცამდე მართალიც რომ იყოს ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში იძაბება მდგომარეობა და როდესაც უცხოელ პარტნიორებს აქვთ განცდა, რომ საქართველო დასავლეთისკენ სვლის გზაზე სერიოზულ პრობლემებს შეიძლება წააწყდეს, ამ შემთხვევაში, ჩვენზე ტყდება ჯოხი, ჩვენ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, ვცდილობთ ამ დიალოგში შესვლას, რომ ვითარება განიმუხტოს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არ არის მარტივი ვითარება.

„გუშინ პრემიერის მოულოდნელმა გადადგომამ კიდევ უფრო გაზარდა აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, ეს აღქმები ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებს, თხოვნებს, რეკომენდაციებს, ხაზი უნდა გაესვას, რომ კარგია, საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. ჩვენს პარტნიორებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ძალიან აინტერესებთ, საით წავა საქართველო და ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მყარად წავიდეს იმ გზით, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული.

რაც შეეხება ბოლო დღეების გამოხმაურებებს, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისი დასავლეთში შეშფოთებას იწვევს, სწორედ ქვეყნის მდგომარეობის გამო. ამ მოწოდებების ძირითადი პათოსი არ არის მთავრობის, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. პათოსის არსია პოლარიზაციის, დაპირისპირების შემცირება, საითკენაც ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ოპოზიციას. უპირველესად, ეს მოწოდებები შეეხება ამ დიალოგის და კრიზისის გადაწყვეტის გზების ძიებას პარლამენტში. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი რჩევები, თხოვნა და რეკომენდაცია“, – განაცხადა ხელაშვილმა.
 

თაგები:

Advertisement