ზელენსკი - აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქებამ რუსეთს შესაძლოა, 10 მლრდ დოლარი მოუტანოს, რომელიც ომს მოხმარდება

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებამ შესაძლოა, რუსეთს 10 მილიარდი დოლარი მოუტანოს და ეს თანხა ომს მოხმარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ამ ომის გამო ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ ნამდვილ უსაფრთხოებას და მდგრად მშვიდობას. ჩვენ უნდა დავძლიოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, ნაწილობრივ შემსუბუქებულიყო ზღვაში ტანკერებზე შენახული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები. მხოლოდ ამერიკის მიერ ამ შემსუბუქებამ, შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მისცეს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებულ ფულს იარაღზე ხარჯავს.
"სანქციების მოხსნა რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ის ენერგეტიკულ შემოსავალს იარაღზე ხარჯავს და ეს ყველაფერი შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ მოფრინავს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ისმენს არგუმენტებს "სიტუაციის სტაბილიზაციის“ შესახებ, თუმცა ამ ლოგიკას არ იზიარებს.
"იგივე დრონები გამოიყენება ირანის მეზობლების, ევროპელებისა და ამერიკელების წინააღმდეგაც. ამიტომ, სანქციების მოხსნა იმისთვის, რომ მეტი დრონი შემოგიფრინდეთ - ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აგრესორზე მუდმივი ზეწოლის გარეშე, მდგრადი მშვიდობა შეუძლებელია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




