Logo

ზელენსკი - ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ და კონსტიტუციას არ გადავუხვევთ

უკრაინა
202
Frontnews image description

უკრაინა თავის ტერიტორიებს რუს ოკუპანტებს არ დაუთმობს. ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკრაინის კონსტიტუციაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მათაც კი, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იციან, რომ ის ბოროტებას სჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს ჯილდოს იმისთვის, რაც მან გააკეთა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას, თუმცა ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და ის რუსეთმა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაიწყო და აჭიანურებს, არ ითვალისწინებს რაიმე ვადას და ეს არის პრობლემა. უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე არის უკრაინის კონსტიტუციაში. არავინ გადაუხვევს და ვერც შეძლებს. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ დაუთმობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მშვიდობას გამოიწვევს, თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის გარეშეა, ერთდროულად მშვიდობის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაა.

"უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშეა, მშვიდობის წინააღმდეგაც არის. ისინი არაფერს მოიტანენ, ვერასდროს იმუშავებენ. ჩვენ ყველას გვჭირდება რეალური მშვიდობა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რეალური და რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობისთვის. მშვიდობისთვის, რომელიც არ დაინგრევა მოსკოვის სურვილის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუშვა რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო „ტერიტორიების გაცვლა“, ასევე უკრაინისთვის ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნება.

"ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ გარკვეული ტერიტორიების გაცვლას. ტერიტორიების გაცვლა ორივე მხარის სასარგებლოდ მოხდება“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ასევე დაასახელა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თარიღი და ადგილი. ისინი 15 აგვისტოს ალასკაში შეხვდებიან. CBS News აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მომავალ კვირას ტრამპი-პუტინის სამიტს შეუერთდეს.

Advertisement