Logo

ზელენსკი - დაბომბვასა და ნგრევაზე, დიპლომატიური ძალისხმევისა და ცივილიზებული დიალოგის იგნორირებაზე, საერთო რეაქცია უნდა არსებობდეს

უკრაინა
480
Frontnews image description

სექტემბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1300-ზე მეტი დრონი გაუშვა, გარდა ამისა, ოკუპანტებმა ასობით მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს და ათობით რაკეტა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 900 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის ორმოცდაათამდე რაკეტა გამოიყენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს ღამით მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა. დარტყმების ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სექტემბრის პირველ კვირაში მტერმა დარტყმები მიაყენა ჩერნიგოვის, ხარკოვის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს და ლვოვის რეგიონებს. აფეთქებების ხმა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს ომის გაჭიანურებას და ცდილობს დიპლომატია პირდაპირ ფარსად აქციოს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამაზე საერთო რეაქცია უნდა არსებობდეს: დაბომბვასა და ნგრევაზე, დიპლომატიური ძალისხმევისა და ცივილიზებული დიალოგის იგნორირებაზე.

"პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია: დიპლომატიის განბლოკვისთვის, ჩვენ გვჭირდება ეფექტური შეზღუდვები რუსული ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა სანქციებით ზეწოლის გაზრდისკენ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და გარანტიებისკენ, რომ მსგავსი შემოსევები მომავალში აღარ განმეორდება.

"გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს ეფექტურ და რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენ ვმუშაობთ მომავალში საიმედო მშვიდობის ყველა ამ კომპონენტის განსახორციელებლად. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

6 სექტემბრის ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 91 დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 68 დრონი გაანეიტრალეს.

Advertisement