ზელენსკი - დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ, ამიტომ, ვშიშობ, რომ გახანგრძლივებული ომი ირანში ჩვენი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, კიევის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეასუსტოს.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი ამერიკული Patriot-ის სისტემები ყოველდღიური რუსული დარტყმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს ჯერ კიდევ არ აქვს ამ სისტემების ეფექტური ალტერნატივა ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭრელად.
ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ფონზე, უკრაინა აღარ არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, კიევი შიშობს, რომ ირანთან დაკავშირებული გაჭიანურებული კონფლიქტი აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.
"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ, ამიტომ, ვშიშობ, რომ გახანგრძლივებული ომი (ირანში) ჩვენი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული Patriot-ის სისტემები და რაკეტები თავდაპირველადაც კი არასაკმარისი იყო და თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები სწრაფად არ დასრულდება, შესაძლოა, ამჟამინდელი დახმარების პაკეტიც კი, სულ უფრო და უფრო შემცირდეს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




