ზელენსკი - მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დონბასი ორი თვის განმავლობაში დატოვოს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ომის დასრულების ახალი პირობები წამოაყენა - მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დონბასი ორი თვის განმავლობაში დატოვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ამერიკული მხარის მეშვეობით ახალ ვადებს აცხადებს, საუბარია უკრაინის მიერ ქვეყნის აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე.
"ამჟამად, რაც რუსეთს სურს და რასაც ავრცელებენ პარტნიორები, არის ის, რომ ომის ან ომის ცხელი ფაზის დასრულებად, ისინი უკრაინის აღმოსავლეთიდან გასვლას მიიჩნევენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ ომის ამდენი წლის შემდეგ ვინმეს შეუძლია ასეთი განცხადებების სერიოზულად აღქმა.
"უკრაინამ დონბასი ორი თვის განმავლობაში უნდა დატოვოს და ამ შემთხვევაში, მათი თქმით, ომი დასრულდება და თუ უკრაინა ორ თვეში არ გავა, მაშინ რუსეთი დონბასს დაიკავებს და შემდეგ სხვა პირობები იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ მათი ერთადერთი მიზანი დონბასია, მაშინ გაუგებარია, რატომ იმუქრებიან ისინი უფრო შორს წასვლით. როგორც მან აღნიშნა, ეს რუსეთის ნამდვილ განზრახვებს ეჭვქვეშ აყენებს.
მისივე თქმით, მოსკოვი ამჟამად შეერთებულ შტატებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
მან ერთ-ერთ მიზეზად შეერთებულ შტატებში მოახლოებული შუალედური არჩევნები დაასახელა. მისი თქმით, ამ პერიოდში ამერიკული მხარე იძულებულია უფრო აქტიურად რეაგირება მოახდინოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში და რუსეთი ცდილობს ამ იმპულსის გამოყენებას.
პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვის ნამდვილი განზრახვები გაცილებით ფართო მასშტაბისაა, ვიდრე საჯაროდ არის გაჟღერებული.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




