ზელენსკი - პუტინი ომის მონაა, ამიტომ ნებისმიერ შეთანხმებამდე გარანტიები უნდა არსებობდეს

ავტორი
Front News საქართველო
უსაფრთხოების მკაფიო საერთაშორისო გარანტიების გარეშე, ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს და ვერ შეაჩერებს რუსეთის შემდგომ აგრესიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ექსპანსიის იდეაზე უარი არ უთქვამს და ტერიტორიული დაპყრობის კონტექსტში აგრძელებს ფიქრს.
"შეიძლება ის საკუთარ თავს მეფედ თვლიდეს, მაგრამ სინამდვილეში ის ომის მონაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რეალური შემაკავებელი მექანიზმების გარეშე, კონფლიქტი შესაძლოა, მომავალში განმეორდეს ან გაფართოვდეს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე მოამზადა შეთანხმებები აშშ-სთან და მის ევროპელ პარტნიორებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და ეს უნდა იყოს საფუძველი მომავალი სამშვიდობო შეთანხმებებისთვის.
„ჩვენ გვაქვს აშშ-სთან და ევროპასთან ხელმოსაწერად მზად მყარი შეთანხმებები. და ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უნდა უსწრებდეს ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებას. გარანტიები პასუხს გასცემს მთავარ კითხვას: რამდენ ხანს აღარ იქნება ომი? და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოგვისმენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




