Logo

ზელენსკი - პუტინი ცდილობს თავიდან აიცილოს შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა

უკრაინა
148
Frontnews image description

მუკაჩევოში American Flex-ის ქარხანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა დემონსტრაციული და მიზანმიმართული იყო, ამ გზით პუტინი ცდილობს თავიდან აიცილოს ლიდერების დონეზე შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მუკაჩევოში რუსებმა ფაქტობრივად დაწვეს ამერიკული საწარმო, რომელიც არ იყო სამხედრო ობიექტი.

მისი თქმით, ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა, კონკრეტულად კი უკრაინაში ამერიკული ქონებისა და ინვესტიციების წინააღმდეგ.

"ძალიან დემონსტრაციული დარტყმა. ისევე, როგორც ეს მთელი მასიური თავდასხმა. ზუსტად მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსებისგან ომის დასრულების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხს ელის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა,  ლიდერების დონეზე არსებობს ორი ფორმატი, რომელშიც პროგრესის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. ორმხრივი ფორმატი - უკრაინა და რუსეთი. და სამმხრივი ფორმატი - უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი.

"ჩვენ ეს ვაშინგტონში განვიხილეთ. პუტინმა ეს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ახლა რუსეთიდან მომდინარე სიგნალები უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, უღირსია. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ შეხვედრის ჩატარების აუცილებლობას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და თავდასხმებს ფრონტზე. ასევე, ისინი რაკეტებს უშვებენ ამერიკულ საწარმოზე – ისევე როგორც ჩვენს ბევრ სხვა, სრულიად სამოქალაქო სამიზნეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

21 აგვისტოს, რუსები მუკაჩოვოს თავს დაესხნენ. დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო ამერიკული კომპანია Flex International-ის Flextronics-ის ქარხანა, რომელიც ელექტრონიკის კონტრაქტული წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია. ადრე 19 დაშავებულის შესახებ იტყობინებოდნენ. მოგვიანებით, დაზარალებულთა რიცხვი 23 ადამიანამდე გაიზარდა.

Advertisement