Logo

ზელენსკი – რუსეთმა აჩვენა, რისი მოტანა შეუძლია ევროპაში, კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკსა და ვილნიუსში

უკრაინა
627
Frontnews image description

რუსეთმა აჩვენა, რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მან მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის მტრებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“დაიწყო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის უკვე მესამე თვე. 24 თებერვალს მსოფლიოში უმეტესობას არც კი სჯეროდა, რომ ჩვენ კვირაზე მეტ ხანს გავძლებდით. ზოგიერთი ამბობდა სამ დღეს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვიწევდა სხვადასხვა ქვეყნის დარწმუნება, რომ უკრაინაზე ფსონი წაუგებელია. ახლა ეს ყველამ იცის. ჩვენი დამცველების სიმამაცის, სიბრძნის დახმარებით, ჩვენი უკრაინელების სიმამაცის დახმარებით, ჩვენი სახელმწიფო თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მსოფლიოში ყველა, ისინიც კი, ვინც ღიად არ გვიჭერს მხარს, თანხმდებიან, რომ სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის ბედი, გლობალური უსაფრთხოების ბედი, დემოკრატიული სისტემის ბედი, უპირველეს ყოვლისა კი წყდება ის, როგორი უნდა იყოს და იყოს თუ არა საერთოდ ცხოვრება ჩვენი კონტინენტის ცენტრში და აღმოსავლეთით. 

 

უკრაინის ქალაქებში და სოფლებში რუსეთმა აჩვენა, თუ რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპისთვის სინამდვილეში. რისი მოტანა შეუძლია კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკისა და ვილნიუსში, ვარშავასა და პრაღაში, ყველა ქალაქში და ქვეყანაში, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები უკვე დიდი ხანია, ღიად აღნიშნავენ როგორც თითქოსდა მოსკოვის მტრებს. 

 

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა მრავალი მიმართულებით დაიწყო, სარაკეტო დარტყმები, ავიათავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაინანეს, არ დაინანეს სახსრები ჩვენს მოსაკლავად, უკრაინელების მოსაკლავად, ჩვენი მიწის გასანადგურებლად. ორი თვის განმავლობაში მათ ჩვენს წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, უამრავი ავიაბომბი და არტილერია. ისინი აწამებდნენ და ძარცვავდნენ, ხვრეტდნენ. ისინი ნაღმავდნენ ჩვენს მიწას. მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს ჯოჯოხეთად აქცევდნენ. უკრაინული ქალაქებისა და სოფლების ნაწილი ქვებამდეა განადგურებული. და მაინც ვერაფერს მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement