ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე "ორეშნიკით" თავდასხმისთვის ემზადება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მონაცემებით, რუსეთი უკრაინაზე "ორეშნიკის" რაკეტით დარტყმისთვის ემზადება. კიევი ამჟამად ამ ინფორმაციას ამოწმებს.
"ჩვენი დაზვერვის ცნობით: მივიღეთ ინფორმაცია, მათ შორის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, იმის შესახებ, რომ რუსები "ორეშნიკის" რაკეტის გამოყენებით დარტყმას ამზადებდნენ. ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე ხედავს უკრაინაზე, კერძოდ, კიევზე, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით კომბინირებული თავდასხმისთვის მზადების ნიშნებს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინელებს, განგაშზე რეაგირება მოახდინონ.
"ასეთ დარტყმაში შესაძლოა, ზემოხსენებული საშუალო რადიუსის იარაღიც მონაწილეობდეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საღამოდანვე გააზრებულად ვუპასუხოთ საჰაერო თავდასხმის სირენებს. რუსულ სიგიჟეს ნამდვილად არ აქვს საზღვარი, ამიტომ გთხოვთ, დაიცავით თქვენი სიცოცხლე და თავშესაფარი გამოიყენეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავის პარტნიორებთან, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასეთი იარაღის გამოყენება და ომის გაჭიანურება გლობალურ მაგალითს წარმოადგენს, მათ შორის სხვა პოტენციური აგრესორებისთვის. ამიტომ, კიევი მსოფლიოსგან პრევენციულ რეაგირებას ელის.
"თუ რუსეთს ასეთი მასშტაბით სიცოცხლის განადგურების უფლება მიეცემა, მაშინ ვერანაირი შეთანხმება ვერ შეაკავებს სიძულვილზე დაფუძნებულ სხვა მსგავს რეჟიმებს აგრესიისა და თავდასხმებისგან. ვიმედოვნებთ, მსოფლიოს რეაგირებას და ეს პასუხი არ იქნება პოსტფაქტუმ, არამედ პრევენციული - ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მოსკოვზე, რათა ხელი შევუშალოთ მათ ომის ესკალაციაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მაქსიმალურად ამზადებს საჰაერო თავდაცვას. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანად უპასუხებს რუსეთის თითოეულ თავდასხმას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ომი უნდა დასრულდეს.
"ეს ომი უნდა დასრულდეს - ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა რაკეტები ერთი ადამიანის ავადმყოფური ამბიციების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




