ზელენსკი - რუსეთს სურს, ზამთრის ბოლო ცივ დღეებში უკრაინელებს მტკივნეული დარტყმა მიაყენოს

ავტორი
Front News საქართველო
რუს ოკუპანტებს ამ ზამთრის ბოლო ცივ დღეებში უკრაინაზე მასობრივი შეტევის განხორციელება სურთ. მტერი ასეთ ცდუნებას ვერ უძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, რომ რუსები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე შემდგომი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან. ამიტომ, აუცილებელია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მზად იყოს.
"რუსეთის თავდასხმები, ასე ვთქვათ, მუდმივად „ვითარდება“. სამწუხაროდ, ბოროტებაც ვითარდება. ეს არის კომბინირებული თავდასხმები, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვას და პარტნიორების შესაბამის მხარდაჭერას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება გაამწვავებს რუსული თავდასხმების შედეგებს, ამიტომ, აუცილებელია, რომ პარტნიორებთან ყველა შეთანხმება დროულად შესრულდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა ჟენევაში და ემზადება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
"რუსეთი ვერ უძლებს ცდუნებას ზამთრის სიცივის ბოლო დღეებში, რომ მტკივნეული დარტყმა არ მიაყენოს უკრაინელებს. რაც უფრო დიდია ეს ბოროტება რუსეთის მხრიდან, მით უფრო რთული იქნება ყველასთვის მათთან შეთანხმების მიღწევა. პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ. ეს, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს ეხება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინა დათანხმდა აშშ-ის ყველა რეალისტურ წინადადებას დეესკალაციის შესახებ, დაწყებული სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით.
"რუსეთი უარყოფს ამას და აგრძელებს თავდასხმებს ფრონტის ხაზზე და დარტყმებს ჩვენს ქალაქებსა და ენერგეტიკულ სექტორზე. ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები მიიღებენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აგრესორის მშვიდობისკენ იძულებამ რეალურად იმუშაოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




