Logo

ზელენსკი - უკრაინა არ დაუშვებს, რომ 9 მაისის ხანმოკლე ზავი რუსეთის ტაქტიკურ ტყუილად იქცეს

უკრაინა
146
Frontnews image description

კრემლი ხანმოკლე ზავის მიღწევას ძირითადად მოსკოვში სამხედრო აღლუმის შესაძლო უკრაინული თავდასხმებისგან დასაცავად ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მხოლოდ სამხედრო აღლუმის დასაცავად სურს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, თავდასხმები განახლდება.

"მათ სურთ, რომ აღლუმი რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად გაგრძელდეს და შემდეგ განაახლონ თავდასხმები", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა არ დაუშვებს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის მხრიდან ტაქტიკურ ტყუილად იქცეს.

"ჩვენ ყოველთვის დადებითად ვრეაგირებთ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალურ წინადადებებზე, თუ ასეთი არსებობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, დათანხმდეს გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-სა და ევროპას, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვის მიერ მათი შერბილების მცდელობებს.

"ვფიქრობ, რუსეთმა შეიძლება დააყენოს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ცალკეული საწარმოებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის მოხსნის საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა ფუნქციონირება შეძლონ.

"ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო დღეებში საინფორმაციო სივრცეში ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა 9 მაისისთვის შესაძლო "ცეცხლის შეწყვეტის" საკითხი. უკრაინის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის, მაგრამ არა ილუზიებისა და მტრის მიერ ტაქტიკური მანიპულაციებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები