ზელენსკი - უკრაინა მზადაა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ აშშ უზრუნველყოფს ცეცხლის ორთვიან შეწყვეტას

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მზადაა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ცეცხლის ორთვიან შეწყვეტას ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად და უსაფრთხოების გარანტიებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარება რთული საკითხია, თუმცა ის მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი, თუ მისი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვენ ამას.
ზელენსკიმ პროცესის დაწყების მთავარ მოთხოვნად ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა.
"მოგვეცით ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ არჩევნებზე წავალთ. სულ ესაა. მოგვეცით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოგვეცით უსაფრთხოება, მოგვეცით ინფრასტრუქტურა... მოსამზადებლად ბევრი დღე გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინაში არსებული ვითარების ისტორიულ მაგალითებთან, კერძოდ, ლინკოლნის დროს აშშ-ის არჩევნებთან შედარება შეუსაბამოა ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების საფრთხის გამო.
"როგორ შეგვიძლია ამის შედარება? ჩვენი ხალხი რაკეტების თავდასხმის ქვეშაა. ეს არ არის მხოლოდ სახმელეთო ომი; ეს ბევრი რაკეტაა. ჩვენ ბალისტიკური თავდასხმის ქვეშ ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ხმის მიცემის უფლება.
"მიეცით ჩვენს ჯარისკაცებს ხმის მიცემის შესაძლებლობა, როგორც შეუძლიათ - ვგულისხმობ, ერთდროულად დაიცვან ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ქვეყანა და მისცენ ხმა. ეს საკმაოდ რთულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა წინადადებით, საომარი მოქმედებებში აუცილებელი პაუზის მისაღწევად კრემლზე ზეწოლა მოახდინოს.
"პრეზიდენტ ტრამპს ამის გაკეთება შეუძლია. პუტინზე ზეწოლა მოახდინეთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეთ, შემდეგ ჩვენი პარლამენტი კანონს შეცვლის და საჭიროების შემთხვევაში არჩევნებს ჩავატარებთ. თუ ამერიკელებს უკრაინაში არჩევნები სჭირდებათ და თუ რუსებს უკრაინაში არჩევნები სჭირდებათ, ჩვენ ამისთვის ღია ვართ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გამოსვლის დასასრულს მან ირონიულად აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია "რუსებისთვის მსგავსი ზავის" გამოცხადება, თუ ისინი, სანაცვლოდ, რუსეთში სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




