ზელენსკი - უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა, მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
"დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ახლა აქ ვარ, კიევის გულში, დამოუკიდებლობის მოედანზე და სწორედ აქ ყველაზე კარგად იგრძნობა, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რატომ არის ის ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ არის მაიდანი გაცილებით მეტი, ვიდრე ქვეყნის მთავარი მოედანი. რადგან ის არის სიმბოლო – დამოუკიდებლობის სიმბოლო, მისი დამცველი. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის იწერება ისტორია, იბადება ჩვენი ხალხის ენერგია და ძალა იმ დროს, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დგება. და ახლა, როცა სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს დამოუკიდებლობისთვის, სწორედ აქ, მაიდანზე შეიძლება, იპოვო ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლოები. სიმბოლოები იმისა, როგორ ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და როგორ ვამარცხებთ ამ ომს. ეს სიმბოლოები ჩვენ გარშემოა. ამ დამოუკიდებლობის მონუმენტში. შიგნით მას აქვს რკინაბეტონის კარკასი და რეალურად შეუძლია, გადაიტანოს ქარიშხალიც კი. ასევე, ჩვენი უკრაინა გამძლედ გადაურჩა იმ დიდ უბედურებას, რომელიც რუსეთმა მოიტანა ჩვენს მიწაზე. ამ „ნულოვან კილომეტრზე“. ეს არის საწყისი წერტილი, სადაც ჩაწერილია მანძილები უკრაინის ქალაქებამდე. ჩვენს დონეცკამდე, ჩვენს ლუგანსკამდე, ჩვენს ყირიმამდე. დღეს ამ ნიშნებს უკვე სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ისინი აღარ არის მხოლოდ კილომეტრები. ისინი გვახსენებენ, რომ ეს ყველაფერი – უკრაინაა. და იქ ჩვენი ხალხია. ვერცერთი მანძილი ჩვენ შორის ამას ვერ შეცვლის და ვერცერთი დროებითი ოკუპაცია ამას ვერ შეცვლის. ერთ დღეს ეს მანძილი უკრაინელებს შორის გაქრება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით, როგორც ერთი ოჯახი, როგორც ერთი ქვეყანა. ეს მხოლოდ დროის საკითხია. უკრაინას სჯერა, რომ შეძლებს ამის მიღწევას – მიაღწიოს მშვიდობას, მშვიდობას მთელ თავის მიწაზე. უკრაინას ამის უნარი აქვს.
უკრაინას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს მომწიფდა, ხელში აიღო საკუთარი ბედი, ხელში აიღო იარაღი, არც დრო ჰქონდა ყოყმანისთვის და არც უფლება – შიშისთვის. მან რეალურად შეაჩერა მსოფლიოს მეორე არმია და ჩვენ ამას ვიტყვით, რადგან ეს კლავს მითს დაუმარცხებელი რუსული არმიის შესახებ. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ჩვენ ამას ახლაც ვამტკიცებთ. თითოეული – თავის ადგილზე. ყველა, ვინც საკუთარ თავში ატარებს დამოუკიდებლობას, ვინც იცავს ჩვენს უფლებას, ვიყოთ უკრაინელები. თავისი შრომით, თავისი საქმით, თავისი მიღწევებით. დღეს დამოუკიდებლობა ყალიბდება ბრძოლის ველზე, როცა მტრისგან ყოველდღე გვესმის: „არ არსებობს ასეთი სახელმწიფო, არ არსებობს ასეთი ერი“, როცა ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ საწინააღმდეგოს. ვამტკიცებთ, რომ უკრაინელები არიან და უკრაინელები იქნებიან ამ მიწაზე, ამ მოედანზე, სადაც კიდევ ასი წლის შემდეგ ჩვენი მომავალი თაობები იდგებიან. ასი წლის შემდეგ აქვე იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ასე იქნება, რადგან უკრაინა დღეს სხვაგვარია.
უკრაინა ძლიერია და საკუთარ თავს სცემს პატივს. უკრაინა აღარ ელოდება „კეთილი ნების ჟესტებს“, არამედ თავად აქვს ნება, განახორციელოს ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა. როგორი იქნება ჩვენი მომავალი, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ. და მსოფლიომ ეს იცის. და მსოფლიო პატივს სცემს ამას. პატივს სცემს უკრაინას. უკრაინას თანასწორად აღიქვამს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს