ზელენსკი - უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება, თუმცა არა სრული შემადგენლობით

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში განახლდება. უკრაინელი ოფიციალური პირები უკვე გაემგზავრნენ შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა შეერთებული შტატებიდან მიღებული სიგნალების მნიშვნელობას, რომ ისინი მზად არიან განაახლონ მუშაობა სხვადასხვა მოლაპარაკებების ფორმატში, რათა ომი დასრულდეს.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებში პაუზის დასრულების დროა. უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები შინაარსიანი იყოს.
"უკრაინული გუნდი - კერძოდ, მოლაპარაკებათა ჯგუფის პოლიტიკური ნაწილი, უკვე გზაშია. ამ შაბათს (21 მარტი) ჩვენ ველოდებით შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დღეს დეტალურად განიხილა მოლაპარაკების პროცესი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან და რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერთან დავით არახამიასთან. შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.
"ჩვენი პრიორიტეტია, ყველაფერი გავაკეთოთ ღირსეული მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი თავდაპირველად 5-დან 8 მარტამდე აბუ-დაბიში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ახალი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამერიკელ ოფიციალურ პირებს ამჟამად ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




