Logo

ზელენსკი - უკრაინისა და აშშ-ის გუნდები ომის დასრულების გეგმის პუნქტებზე იმუშავებენ

უკრაინა
172
Frontnews image description

დღეს, 20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა აშშ-ის არმიის მდივან დენიელ დრისკოლთან განიხილა, მათ ასევე განიხილეს სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა.

"ჩვენ განვიხილეთ ნამდვილი მშვიდობის მიღწევის ვარიანტები, სამუშაო ეტაპები და დიალოგის ფორმატები, ასევე დიპლომატიის ახალი იმპულსი. ჩვენი გუნდები - უკრაინისა და აშშ-ის - ომის დასრულების გეგმის პუნქტებზე იმუშავებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დრისკოლს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ტერნოპილზე 2025 წელს წარმოებული Х-101 რაკეტით თავდასხმის შესახებ.

"ის შეიცავს 175 უცხოურ კომპონენტს, რომლებიც კვლავ მიეწოდება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით. ჩვენ ვიმედოვნებთ შეერთებული შტატების დახმარებას ყველა ასეთი სქემის შეზღუდვაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ამერიკელ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კრიტიკული კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების, ასევე ნაწილების წარმოშობის ქვეყნების შესახებ.

"მშვიდობაა საჭირო და ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას ევროპაში უსაფრთხოების აღსადგენად. უკრაინა იცავს სიცოცხლეს და დამოუკიდებლობას ჩვენი ხალხის გამბედაობის, სახელმწიფოში ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი პარტნიორების დახმარების წყალობით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

19 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ, რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობით, ამზადებდა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმას. ის შეიმუშავეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა.

დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გეგმა ასახავს მოსკოვის ულტიმატუმებს უკრაინისთვის. ეს მოიცავს მათ შორის, რუსეთის სრულ კონტროლს დონბასზე და უკრაინის არმიის შემცირებას.

დღეს, 20 ნოემბერს, სამშვიდობო გეგმა ოფიციალურად გადაეცა ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს მშვიდობისთვის მნიშვნელოვან წინადადებებს.

Advertisement