Logo

ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიები იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად იქცეს

უკრაინა
147
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

"გუშინ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისა და უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს, 19 აგვისტოს, ლიდერების დონეზე კოორდინაცია გაგრძელდება, იქნება განხილვები და შესაბამისი ფორმატები მზადდება.

"ჩვენ ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მუდმივ კონტაქტზე არიან ახლა. იქნება უსაფრთხოების გარანტიები. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად იქცეს - პარტნიორობის, უსაფრთხოების გარანტიების და უკრაინელი ხალხის გამბედაობის წყალობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

18 აგვისტოს, თეთრ სახლში მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მივიდნენ.

კრემლის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ზელენსკისთან შეხვედრის მომზადების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს სამმხრივი სამიტი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.

Axios-ის ცნობით, ტრამპი ვარაუდობს, რომ ზელენსკის და პუტინს შორის მოლაპარაკებები შეიძლება ამ თვეში გაიმართოს.

Advertisement