Logo

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რეგიონები
62
Frontnews image description

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აგვისტოს ომის მემორიალთან პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, რომელთაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში 4 ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაც თავისი სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, დიდება მათ სახელებს. ვუსამძიმრებთ ოჯახს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მათი სისხლი ამაოდ არ იქნება დაღვრილი, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და მოხდება ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ომში დაღუპულთა მემორიალთან, დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

აგვისტოს ომს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 4 კაპრალის - ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი გოროზიას და კობა სერგიას სიცოცხლე შეეწირა.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement