ზურაბ ბატიაშვილი - აქ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტებია, რაც წინა პროტესტებისგან განასხვავებს ახლანდელ პროტესტს

ავტორი
Front News საქართველო
აიათოლას რეჟიმს დასაყრდენი, რა თქმა უნდა, აქვს და ეს აისახება პროცესებზეც. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებს 100%-იანი მხარდაჭერა აქვთ მოსახლეობის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანში მიმდინარე პროცესები რთულ სახეს იღებს.
"ან რეჟიმი გაიმარჯვებს, ან ხალხი. აქ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტებია, რაც წინა პროტესტებისგან განასხვავებს ახლანდელ პროტესტს - ახლა გამოჩნდა შაჰის ფიგურა, რომელიც ადრე საერთოდ არ ჩანდა, არც თვითონ ქვეყანაში იყო პოპულარული, არც შაჰისდროინდელ დროშებს ვხედავდით და ახლა ამ დროშებს ვხედავთ თვითონ ირანშიც და საზღვარგარეთაც ირანის მხარდამჭერ მიტინგებზე. შაჰს ძალიან სწორი პოზიცია უკავია, ის არ ამბობს, რომ აღადგენს აბსოლუტურ მონარქიას, როგორიც ადრე იყო, ის ამბობს, რომ ჩაუდგება პროცესს, ჩავა ქვეყანაში და აიღებს პასუხისმგებლობას, ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე წარიმართოს ქვეყნის ბედი.
აიათოლას რეჟიმს დასაყრდენი, რა თქმა უნდა, აქვს და ეს აისახება პროცესებზეც. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებს 100%-იანი მხარდაჭერა აქვთ მოსახლეობის. რაც შეეხება ინფორმაციებს, თავად ირანის მოსახლეობასაც კი არ აქვს, შესაძლოა, ზუსტი რიცხვი გარდაცვლილების შესახებ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას, ეს არის ტიპური ჩირგებში ჯდომის პოზა, ვითომ ჩვენ სხვა პროცესებში ვართ და ეს მოვლენები არ გვეხება, სინამდვილეში კი, ძალიანაც გვეხება. ღმერთმა არ ქნას, რომ ირანში რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს და დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ამხელა მოსახლეობიდან რაიმე მიმართულებით რომ დაიძრას ლტოლვილები, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია და თან ეს ჩვენს სამეზობლოში ხდება", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი




